საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭო საქართველოს შესახებ განახლებულ შეფასებაში აღნიშნავს, რომ ქვეყნის ეროვნულმა ბანკმა (NBG) პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს რეზერვების დაგროვებას. პროცესი კი ლარის გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნებით უნდა განხორციელდეს. შეფასებაში აღნიშნულია, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალური პოზიცია რეფინანსირების განაკვეთთან მიმართებით და იყოს მონაცემებზე დაფუძნებული, განსაკუთრებით გლობალური გაურკვევლობისა და საკვები პროდუქტების ფასების მატების ფონზე.
დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ეროვნული ბანკის (NBG-ის) მმართველობის შეფასებასაც. IMF-ის შეფასებით, ეროვნული ბანკის მმართველობისა და დამოუკიდებლობის გაუმჯობესება კვლავ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება. გარკვეული პროგრესი უკვე მიღწეულია, შეივსო საბჭოს ვაკანტური პოზიციები და დაინიშნა სებ-ის პრეზიდენტი, თუმცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მმართველობისა და ფინანსური დამოუკიდებლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად, ჯერ კიდევ არაა მიღებული. IMF-ის შეფასებით, რეფორმებმა უნდა უზრუნველყოს სებ-ის საბჭოში არააღმასრულებელი წევრების უმრავლესობა, შეზღუდოს მთავრობისთვის დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების განხორციელების შესაძლებლობა, ასევე საკანონმდებლო ცვლილებებმა უნდა დააზუსტოს სებ-ის პრეზიდენტის შემცვლელის (მოვალეობის შემსრულებლის) დანიშვნის წესი და გააუმჯობესოს საბჭოს წევრების კვალიფიკაციის მოთხოვნები. ასევე, სებ-ის საბჭოს მხრიდან მმართველობის კოლეგიური გადაწყვეტილებების მიღების მოდელის დანერგვა კიდევ უფრო გააუმჯობესებს სებ-ის მმართველობის ხარისხს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭო არსებულ ფისკალურ პოლიტიკას დადებითად აფასებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ფისკალური პოლიტიკა კარგადაა დაკალიბრებული, დეფიციტი 2.5%-ზე დაბალია, რაც სტაბილიზაციას უწყობს ხელს. IMF-ის რეკომენდაციით, შემოსავლების მობილიზება უნდა გაძლიერდეს საგადასახადო ბაზის გაფართოებითა და ხარჯვის ეფექტურობის გაუმჯობესებით. სოციალური დახმარება კი უნდა იყოს უფრო მიზანმიმართული.