პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა, რომ საფინანსო სექტორის დაახლოებით 75-80% ორ ბანკს უჭირავს, მათ კი აქვთ სურვილი, საფინანსო ბაზარზე ახალი ბანკები და მაღალი კონკურენცია გაჩნდეს, რის შედეგადაც მომხმარებელი საუკეთესო საბანკო პროცენტს მიიღებს. ასეთ ბანკად კი ინდური ბანკები დაასახელა: "ინდური ბანკები ძალიან სტაბილური ბანკები არიან და მაღალი საერთაშორისო რეიტინგი აქვთ - ჩვენი სურვილია, რომ საქართველოში ასეთი ბანკების შემოსვლა გამარტივდეს". ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კი ამ საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, რომ "იქნება ინდური, ყაზახური, ინგლისური ბანკი თუ სხვა, ჩვენ ყველა მხარისთვის ღია ვართ".

ცხადია, ეს განცხადებები მიუთითებს, რომ ხელისუფლებას რაღაც კონკრეტული ნაბიჯები აქვს დაგეგმილი საბანკო სფეროში. როგორი იქნება ეს ნაბიჯები და უნდა ჰქონდეს თუ არა მაღალი საბანკო პროცენტის გამო შეწუხებულ საქართველოს მოქალაქეებს ინდური ბანკების იმედი, ამ საკითხებთან დაკავშირებით "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელ გიორგი კეპულაძეს ვესაუბრეთ.

- ბაზრის გახსნა და კონკურენციის გაზრდა ძალიან კეთილშობილური მიზანია. სფეროს სპეციალისტები და კომენტატორები მუდმივად ვამბობთ, რომ საბანკო სექტორში კონკურენციის ზრდა აუცილებელია, რადგან ჩვენი ბაზარი კონცენტრირებულია. კარგია, რომ ამას უკვე აღიარებს ხელისუფლებაც. თუმცა მხოლოდ ლიცენზიის გამარტივება ან უცხოური ბანკის ფილიალის გახსნა კონკურენციის გასაზრდელად საკმარისი არ არის. წარმოუდგენელია, ეს არ იცოდეს დეპუტატმა, რომელიც თავადაც ბიზნესმენია და მით უმეტეს, ეროვნულმა ბანკმა. მართალია, ჩვენთან ორი ბანკის წილი საკმაოდ დიდია, მაგრამ ეს უცებ არ მომხდარა - წლიდან წლამდე ნელ-ნელა იზრდებოდა. მაგალითად, "ქართული ოცნების" პირობებში "თიბისიმ" შეიძინა "რესპუბლიკა ბანკი" და მცირედით გაუსწრო "საქართველოს ბანკს". ამ კონცენტრაციამდე ეტაპობრივად მივედით. შესაბამისად, ახლა ამ წილების ხელის ერთი მოსმით შემცირება მხოლოდ ახალი ბანკების შემოსვლით არ გამოვა. ამისთვის საჭიროა ბაზარზე არსებული სხვა ბანკების გამსხვილებაც, რათა მათ შეძლონ კონკურენციის გაწევა და, უკეთესი პირობების შეთავაზების ხარჯზე, კლიენტების მიზიდვა.

აქ მეორე საკითხი ჩნდება - უკეთეს პირობებში, პირველ რიგში, დაბალი საპროცენტო განაკვეთი იგულისხმება, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ლარში სესხების გაცემისას განაკვეთი მხოლოდ ბანკზე არ არის დამოკიდებული. ის პირდაპირ ბმაშია ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთთან, რაც, თავის მხრივ, განისაზღვრება ქვეყნის ეკონომიკით, ინფლაციითა და რეგიონში არსებული რისკებით. ამიტომ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ უცხოური ბანკი შემოვა და საპროცენტო განაკვეთში მინიმუმ 2-3%-იან სხვაობას მაინც დადებს, ეს ქართველი მომხმარებლის მხოლოდ ტკბილი სიზმარია. მსგავსი რამ ვერ მოხდება, რადგან ლარის რესურსი დღეს დაახლოებით 8,5% ღირს - ანუ ბანკს ლარის მოძიება წლიურად სწორედ ეს თანხა უჯდება. ამას ემატება ქვეყნის რისკიც, რომელიც ერთნაირია როგორც "საქართველოს ბანკისთვის", "თიბისისა" და "ბაზისბანკისთვის", ისე ნებისმიერი უცხოური, ინდური, ჩინური თუ ინგლისური ბანკისთვის.

პირობები მნიშვნელოვნად ვერ შეიცვლება იმ მიზეზითაც, რომ უცხოური ბანკი ლარის რესურსს გარედან ვერ შემოიტანს. მან ის ადგილზე უნდა მოიზიდოს - მოსახლეობისა და ბიზნესის დეპოზიტებით, ან ეროვნული ბანკისგან ისესხოს, რისი განაკვეთიც ფიქსირებულია. მცირე 0,2-0,3%-იანი სხვაობები კი სურათს არსებითად ვერ ცვლის.

ბაზრის მეტად გახსნა და საერთაშორისო ბრენდების გამოჩენა თავისთავად დადებითი მოვლენაა. თუმცა, ისინი საქართველოში უკვე იყვნენ და აქედან ძირითადად სწორედ ბაზრის სიმცირის გამო გავიდნენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქართული მსხვილი ბანკებიც კი ზრდის ძველ ტემპს ვეღარ ინარჩუნებენ.

ბაზარი შეზღუდულია - 4-მილიონიან ქვეყანაში, სადაც დიდი ნაწილი ბავშვი ან პენსიონერია, სესხებისა და ბარათების გაცემას თავისი ზღვარი აქვს. ამიტომ არა მგონია, მხოლოდ ლიცენზიის გამარტივების გამო დიდი, რეპუტაციული საერთაშორისო ბანკები ჩვენკენ დიდი სიხარულით გამოეშურონ.

ვრცლად: kvirispalitra.ge