სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ონის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლებისა და 2024 წლის პირველი 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალიტეტში სახელმწიფო შესყიდვების მართვისა და საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის კუთხით სერიოზული ხარვეზები ფიქსირდება.
აუდიტის ერთ-ერთი მთავარი მიგნება ბაზრის კვლევის პროცედურებს ეხება. ანგარიშის თანახმად, მუნიციპალიტეტმა 4,297.1 ათასი ლარის ღირებულების შესყიდვები ბაზრის სათანადო კვლევის გარეშე განახორციელა.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
ფინანსური რესურსების მართვა
ბიუჯეტის შესრულების ხარვეზები - მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელება და დააგროვა არსებითი მოცულობის ნაშთი, მათ შორის, თავისუფალი ნაშთი. აღნიშნული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2022-2023 წლებში, შესაბამისად, 17% და 20% დააკლდა.
სახელმწიფო შესყიდვების მართვა
ბაზრის კვლევის ხარვეზი სახელმწიფო შესყიდვებისათვის მერიამ რიგ შემთხვევებში ბაზრის კვლევა არ ჩაატარა ან/და ჩაატარა ხარვეზებით. შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ მერიამ შესყიდვების ფასი განსაზღვრა არასაბაზრო ღირებულებებით და გასწია არაეკონომიური ხარჯი. გარდა ამისა, გამარტივებული შესყიდვისას მერიამ შეარჩია არასათანადო გამოცდილების მქონე მიმწოდებლები, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო პერიოდი.
სატენდერო კომისიის საქმიანობის ხარვეზები
სატენდერო კომისიამ დაბალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია მიანიჭა არასწორად. შედეგად, მუნიციპალიტეტმა სამუშაოები შეისყიდა უფრო მაღალი ღირებულებით და ბიუჯეტიდან გასწია 14.6 ათასი ლარის არაეკონომიური ხარჯი. მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისია მოქმედებდა არაერთგვაროვნად და შესყიდვების განხორციელებისას, ზოგ შემთხვევაში, ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვა. შედეგად, მუნიციპალიტეტმა დაკარგა მინიმუმ 11.2 ათასი ლარის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
ზედმეტად ანაზღაურებული საბიუჯეტო სახსრები - მუნიციპალიტეტის მიერ ხელშეკრულებების ადმინისტრირების პროცესში დანერგილია კონტროლის სუსტი მექანიზმები, რაც რიგ შემთხვევებში ვერ უზრუნველყოფდა სათანადო რწმუნებას შესრულებული სამუშაოს ან/და გაწეული მომსახურების ფაქტობრივი ღირებულების შესახებ. არსებობს რისკი, რომ მერიამ მიმწოდებლების სასარგებლოდ აანაზღაურა შეუსრულებელი სამუშაო ან/და შეუსაბამოდ გაწეული მომსახურება და თანხები ბიუჯეტიდან ზედმეტად გადაიხადა.
ხარვეზებით შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია - მუნიციპალიტეტს არ აქვს დაწესებული სათანადო კონტროლი საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე. შედეგად, მერია იბარებდა ხარვეზებით შედგენილ დოკუმენტაციას, რაც გავლენას ახდენდა სამუშაოების მიწოდების ვადებზე. მუნიციპალიტეტს რაიმე სახის ღონისძიება საპროექტო დოკუმენტაციის მიმწოდებლების მიმართ არ გაუტარებია.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ნაკლოვანებები - სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები, რომლებიც თავისი არსით გულისხმობს სასწრაფო, გადაუდებელ ქმედებას, მუნიციპალიტეტმა წარმართა მნიშვნელოვანი შეფერხებებით და სრულად დაასრულა სტიქიიდან 15 თვის შემდეგ.
ხელშეკრულების ადმინისტრირების ხარვეზები - სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების ადმინისტრირების პროცესში მერია მიმწოდებლების მხრიდან ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად იყენებდა შეუსაბამო მეთოდს, საკმარისად არ აკონტროლებდა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცულობას და სამუშაოების დასრულების ვადები გაზარდა დაუსაბუთებლად, არაობიექტური მიზეზებით.
გამოუყენებელი აქტივები - სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტმა გონივრულ ვადაში ვერ გამოიყენა შესყიდული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. შედეგად, მუნიციპალიტეტმა არაეფექტიანად დახარჯა 211.9 ათასი ლარი და პროექტების განხორციელებით დასახულ მიზანს დროულად ვერ მიაღწია
მუნიციპალური სერვისების მიწოდება
მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემები - მუნიციპალიტეტში არსებობს მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემები: მოსახლეობის ძირითადი ნაწილისათვის სასმელი წყლის მიწოდებას ახორციელებს არალიცენზირებული სუბიექტი; წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება.
იურიდიული პირების მართვა და დაფინანსება
იურიდიული პირების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაციებმა შესყიდვების პროცესი წარმართეს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, ელექტრონული პორტალის გარეშე. არსებობს რისკი, რომ ფულადი სახსრები არაკონკურენტულ გარემოში დაიხარჯა არარაციონალურად და არამართლზომიერად. შპს „ონის სერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობამ სამეურნეო პროცესები წარმართა არსებითი ხარვეზებით, მათ შორის, ორგანიზაციის ანგარიშიდან თანხები ირიცხებოდა არამართლზომიერად.
ქონების მართვა და განკარგვა
ქონების მართვის ხარვეზები - ქონებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მერიამ სათანადოდ ვერ დაიცვა საკუთარი ინტერესები. ამასთანავე, გამოვლინდა არაუფლებამოსილი პირის მიერ მუნიციპალიტეტის ქონებით სარგებლობის რამდენიმე შემთხვევა.
სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობა
სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის ხარვეზები - მერიის მიერ მის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიმდინარე მშენებლობებზე საჯარო ზედამხედველობის პროცესი შეიცავს არსებით ნაკლოვანებებს. კერძოდ, მერია ვერ უზრუნველყოფს სამშენებლო/სანებართვო პირობების შესრულებას, შენობა-ნაგებობის ექსპლოატაციაში მიღებასა და კანონმდებლობის დარღვევით განხორციელებული მშენებლობის დროულად გამვლენას.