საქართველოს საბანკო ბაზარს ახალი კომერციული ბანკი შეემატა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათელა თურნავას შესაბამისი განკარგულებით, სს „ნეო ქართულ ჯგუფს“ საბანკო საქმიანობის განხორციელების ლიცენზია მიენიჭა.

საჯარო რეესტრში არსებული მონაცემებით, ბანკის განთავსებული კაპიტალი 61.3 მლნ ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხა სრულად ფულადი შენატანით არის ფორმირებული. კომპანიას ჯამში 100 000 ჩვეულებრივი აქცია აქვს გამოშვებული, თითოეულის ნომინალური ღირებულება კი 613 ლარია.

„ნეო ქართული ჯგუფის“ 100%-იანი მფლობელია სს „ქართული პირველი ციფრული ჯგუფი“. ამ კომპანიის ერთადერთი აქციონერი კი ლატვიის მოქალაქე იურის ლეონენკოა.

ახალი ბანკის მმართველი სტრუქტურაც უკვე განსაზღვრულია. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იურის ლეონენკოა, მისი მოადგილე — გრიგორი მორჩილაძე, ხოლო საბჭოს წევრი — თამარ ტყეშელაშვილი.

აღმასრულებელ გუნდში გენერალური დირექტორის პოზიციას კახაბერ კოდუა დაიკავებს. ფინანსურ მიმართულებას თეონა გიორგობიანი უხელმძღვანელებს, რისკების მართვაზე კი ლაშა მაზანაშვილი იქნება პასუხისმგებელი.

დამტკიცებული წესდების მიხედვით, ბანკი მომხმარებლებს საბანკო და საფინანსო მომსახურების ფართო სპექტრს შესთავაზებს. მისი საქმიანობის მიმართულებები მოიცავს დეპოზიტების მოზიდვას, სამომხმარებლო, იპოთეკურ და კომერციულ სესხებს, საგადახდო ბარათებსა და ონლაინ ანგარიშსწორებას.

ამასთან, ბანკის გეგმებში ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული სერვისების განვითარებაც შედის. შესაბამისი რეგულაციების ფარგლებში, „ნეო ქართული ჯგუფი“ კრიპტოაქტივების კონვერტაციის, გადაცემისა და შენახვის მომსახურებების შეთავაზებასაც გეგმავს.