ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული ვალუტა რეაგირებს, როდესაც არის ქვეყანაში გარკვეული პოლიტიკური პროცესები და როცა შეინიშნება არასტაბილურობა. ეს რეაგირება დაკავშირებულია. როგორც წესი, არჩევნებთან და ამ დროს გაკეთებულ განცხადებებთან, - განაცხადა აკადემიკოსმა ლადო პაპავამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

„თუ არის ასეთი მოწოდებები და იმის განცდა, რომ შეიძლება გარკვეული დაძაბულობა და არეულობა იყოს, ბიზნესი და მოქალაქეები ცდილობენ, თავი დაიზღვიონ რისკები შეამცირონ, ამიტომ როგორც წესი, ყიდულობენ მყარ ვალუტას. ძირითადად, ეს არის აშშ დოლარი. რადგან თავის დაზღვევის მიზნით ყიდულობენ დოლარს, იმავდროულად იზრდება მოთხოვნა და შესაბამისად ეროვნულ ვალუტას აუფასურებენ. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცენტრალური ბანკის და ჩვენს შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედებას, რომ ასეთი რყევები მინიმუმამდე დაიყვანოს.

ეკონომისტები განვასხვავებთ ორ სხვადასხვა სახის რყევებს სავალუტო ბაზარზე. ერთი, რომელიც არსი ფუნდამენტური პრობლემებით გამოწვეული, როცა ხდება რაღაცა ქვეყნის ეროვნულ, ან გლობალურ ეკონომიკაში. თუ მთელს მსოფლიოში დოლარი მყარდება, ის გამყარდება საქართველოშიც. მსგავს საკითხებთან დაკავშირებით რეაგირება ერთია, როდესაც რისკის შემცველი მოლოდინები გვაქვს, აქ რეაგირება აუცილებელია და საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს“, - აღნიშნა ლადო პაპავამ.