საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ერთ წელიწადში 7%-ით გაიზარდა და 700 ათასს გადააჭარბა. მათი რიცხვი კი, რომლებიც თვლიან, რომ ღარიბები არიან, 1.282 მილიონზდე მეტია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა წლიდან წლამდე უმჯობესდება, სოციალურად დაუცველთა რაოდენობა მაინც იზრდება, რაც ეკონომისტების შეფასებით, პოლიტიკურად ადამიანთა გულის მოგებით და მოსახლეობის სიზარმაცით არის განპირობებული. ამიტომ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მკვეთრად უნდა შემცირდეს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო, 2025 წლის მარტის მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღები, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობა 700 740-ს შეადგენს, აქედან 465 183 ადამიანი მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 235 287 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირია, რომელთაც 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად უნარჩუნდებათ.
ამავე უწყების მონაცემებით, 2024 წლის მარტის მდგომარეობით, საარსებო შემწეობას 655 073 ადამიანი იღებდა, აქედან 217 113 დასაქმების პროგრამაში იყო ჩართული, 437 960 კი მხოლოდ შემწეობას იღებდა.
ამასთან, მარტის მდგომარეობით 1 282 280-ს შეადგენს სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობა, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. 2024 წლის მარტში ასეთი ადამიანების რიცხვი შეადგენდა 1 224 000-ს.
"საქსტატის" მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის 3 694 600 ადამიანი ცხოვრობს. შესაბამისად, ამ მონაცემების მიხედვით, გამოდის, რომ დღეისათვის საქართველოში თითქმის ყოველი მე-3 ადამიანი თავს ღარიბად თვლის, ყოველი მე-5 კი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა და სახელმწიფოს შემწეობას იღებს.
სტატისტიკოსი გივი მომცელიძე პირდაპირ აცხადებს, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირებაა საჭირო, რადგან სახელმწიფო დახმარებები ადამიანს აზარმაცებს.
"ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერჯერობით ისევ ღარიბად ითვლება, მაგრამ რაც იყო 10-15 ან თუნდაც 5 წლის წინ, იმასთან შედარებით, ახლა უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს. მოსახლეობა აღარ არის ისეთი გაჭირვებული, როგორიც იყო წინა წლებში. ბოლო პერიოდში მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა, ორნიშნა მათ შორის, ინფლაციაც 2-3 წელია თითქმის აღარ არის. ამ დროს სოციალურად დაუცველთა რაოდენობა იზრდება, რაც, პირველ რიგში, პოლიტიკური მიზეზით არის განპირობებული. ხელისუფლება ცდილობს უფრო მეტი ადამიანი გახადოს ლოიალური მის მიმართ. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, ძალიან ბევრი ადამიანი მიუთითებს ამაზე.
კორონავირუსის დროს უცებ გაზარდეს შემწეობის მიმღებთა რაოდენობა და მაშინ ითქვა, რომ როგორც კი პანდემია გადაივლიდა, მაჩვენებელი შემცირდებოდა, მაგრამ კლების ნაცვლად კიდევ მოიმატა.
გარდა ამისა, ასეთი დამოკიდებულება იწვევს ადამიანების გაზარმაცებას. ცუდი მენტალიტეტი ჩამოგვიყალიბდა, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან. რატომღაც, სახელმწიფოს ვავალდებულებთ, რომ ფული იხადოს. ადამიანი საკუთარ თავზე თავად უნდა ფიქრობდეს. უამრავი ადამიანი ვიცი, ვინც არაა გაჭირვებული და მაინც იღებს საარსებო შემწეობას. ძალიან ბევრი ისეთი, ვინც მუშაობს და მაინც იღებს დახმარებას. არ ვიცი, რატომ უნდა მომინდეს, რომ სახლში ჯდომაში სახელმწიფომ ფული გადამიხადოს. მით უმეტესს, რატომ უნდა იღებდეს ადამიანი საარსებო შემწეობის დახმარებას, რომელიც მუშაობს?
ალბათ, მოვა დროს, როდესაც ამ შემწეობის შემცირება დაიწყება და რაც მალე მით უკეთესი. არა მგონია, რომელიმე ჩვენი დონის ქვეყანა ამდენ დახმარებას უწევდეს მოსახლეობას. ადამიანს მზამზარეული აქვს სიტყვაზე 300 ლარი, არადა მას შეუძლია იმუშაოს და 10-ჯერ 300 ლარი მიიღოს, მაგრამ არ მუშაობს", - ამბობს მომცელიძე და დასძენს, რომ ჯანმრთელობის გამო სოციალურად დაუცველის სტატუსტსი მინიჭება გამართლებულია, რადგან საქართველოში მედიცინა ძვირია.
ეკონომისტების დანარჩენი ნაწილიც ამბობს, რომ ამ მხრივ არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები მოსახლეობის რეალურად მდგომარეობას არ ასახავს, ამიტომ როგორც პროფესორმა პაატა აროშიძემ განაცხადა, ციფრების განახევრების შემთხვევაში ალბათ ნამდვილ სურათს მივიღებთ.
"შეიძლება ადამიანი იყოს არალეგალურად დასაქმებული, ანუ ჩრდილოვან სექტორში მუშაობდეს, ოფიციალურად არ აღრიცხავდეს შემოსავალს და იღებდეს სოციალურ დახმარებას, რადგან გარდა უშულო ფინანსური კვოტებისა, სოციალური დახმარების ბაზარს გარკვეული სახის შეღავათებიც გააჩნია. მაგალითად, სწავლის შეღავათი, სამედიცო დაზღვევა და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სთავაზობს მუნიციპალურ საწარმოებში დასაქმებას, ისინი თავს იკავებენ, რადგან ჯერჯერობით ნდობა იმისა, რომ დასაქმების შემდეგ, სტატუსი არ შეუწყდებათ, საკმაოდ დაბალია. ამიტომ ადამიანს ურჩევნია ყოველგვარი გარჯის გარეშე მიიღოს შემოსავალი, ვიდრე იშრომოს და აიღოს ხელფასი.
რეალურად, საქართველო ასეთი ღარიბ-ღატაკი ქვეყნების რიცხვს ნამდვილად არ მიეკუთვნება. ვნახოთ თუნდაც საქართველოში ავტომობილების რაოდენობა, რომელიც საკმაოდ ბევრია. მართლია, მანქანა არ არის ფუფუნების საგანი, მაგრამ რეალურად ერთ ოჯახზე ავტომობილების რაოდენობით ქვეყანა საკმაოდ მაღალგანვითარებული ქვეყნების დონეზეა. თუნდაც მობილური ტელეფონის რაოდენობა, ამ კუთხით ქვეყანა ასევე ერთ-ერთი მოწინავეა მთელი ევროპის მასშტაბით და ამის თქმის საშუალებას ის მაძლევს, რომ "აიფონის” მოდელები საქართველოში ელვის სისწრაფით იყიდება.
ვთვლი, რომ სახელმწიფოს "არ აწყობს” ასეთი ადამიანების განაწყენება და დაე, აიღონ ჩრდილოვანი შემოსავალი, იყვნენ სოციალური დახმარების ბაზაში - ესაა მათი პოზიცია. ამ ციფრებს თუ გავანახევრებთ, ალბათ, რეალურთან ოდნავ მიახლოებულ სურათს მაშინ მივიღებთ”, - განაცხადა პაატა აროშიძემ.
წყარო: "რეზონანსი"