თუ როგორ უნდა იფუნქციონიროს არასამთავრობო სექტორმა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დასავლურ ფინანსურ წყაროებთან წვდომას შეუზღუდავს? - ამ კითხვაზე თბილსისი მერის პასუხი მარტივია. კახა კალაძე ამბობს, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციებმა კანონის ფარგლებში უნდა იმოქმედონ.

"არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩვეულებრივად შეუძლიათ არსებობა. არსებობს კანონი, უნდა დარეგისტრირდნენ და გამჭვირვალე უნდა იყოს ყველაფერი. ძალიან მარტივია, კეთილი უნდა ინებონ, დარეგისტრირდნენ და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია ვისგან იღებს ფულს და რა კონკრეტულ პროექტებში ხარჯავს. დაივიწყეთ ის დრო, როცა ვიღაცებს აქ თანხები შემოჰქონდათ, ვითომ რაღაც კეთილი საქმეებისთვის და ხან ტელევიზიები ფინანსდებოდა, ხან პოლიტიკური საქმიანობა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები, რევოლუციის მოწყობის რამდენიმე მცდელობა. მორჩა, ასე ვეღარ გაგრძელდება. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და არავის მისცემს შესაძლებლობას, გარედან უხეშად ჩაერიოს და სახელმწიფო გადატრიალებები მოაწყოს. ჩემი ქვეყნისთვის ყველა მტერია, ვინც არღვევს ქვეყნის სუვერენიტეტს. ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისა და მოსახლეობის უმრავლესობისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ გარედან შემოდიოდეს თანხები და იხარჯებოდეს, მაგალითად, სარწმუნოების, ეკლესიის წინააღმდეგ, იხარჯებოდეს ქართულ პოლიტიკაში, გაუმჭვირვალე თანხები, ვითომ სასიკეთო პროექტების განსახორციელებლად და რეალურად იყო სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის რამდენიმე მცდელობა, საზოგადოების გახლეჩის, დაპირისპირების. მომიყვანეთ ერთი ნორმალური ევროპული სახელმწიფოს მაგალითი, სადაც დაშვებულია გარედან შიდა პოლიტიკის დაფინანსება. არ არსებობს ასეთი. არცერთი ნორმალური სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს თავის სუვერენიტეტზე, არავის მისცემს უფლებას, ჩაერიოს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში", - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.