სარეკლამო დაკვეთების კუთხით სათამაშო ბიზნესი სურსათისა და სასმელების სექტორმა ჩაანაცვლა. ამის შესახებ საუბარია კომუნიკაციების კომისიის ანგარიშში.

2022 წელს ტელევიზიებისა და რადიოების ჯამური სარეკლამო შემოსავალი, წინა წელთან შედარებით, 7.6%-ით შემცირდა და 79.9 მილიონი ლარი შეადგინა. 2022 წელს, ტელევიზიების კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 73.6 მილიონი ლარია, რაც წინა წელთან შედარებით, 7.8%-ით არის შემცირებული.

„2022 წლის მეორე კვარტალიდან აზარტული თამაშების სამაუწყებლო რეკლამა აიკრძალა. რეგულაციის ამოქმედებამდე, აზარტული თამაშების ორგანიზატორი კომპანიები მაუწყებლების მსხვილ დამფინანსებლებს წარმოადგენდნენ. 2022 წელს აზარტული თამაშების სექტორიდან მიღებულმა სარეკლამო შემოსავალმა 4.8 მილიონი შეადგინა, 2021 წელს კი - 17.9 მილიონი ლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ რეკლამის დამკვეთების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 36.8%-ით გაიზარდა. აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვიდან გამომდინარე, მკვეთრად შეიცვალა დამფინანსებლების სტრუქტურა (ბიზნეს სექტორის კუთხით). კერძოდ, თუ 2021 წელს მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების ძირითადი წყარო სათამაშო ბიზნესიდან მიღებული შემოსავლები (44%) იყო, 2022 წელს სარეკლამო დაკვეთების კუთხით წამყვან ბიზნეს სექტორს სურსათისა და სასმელების მიმართულება წარმოადგენდა 29%-იანი წილით, 28.56%-ით მეორე ადგილი ფარმაციას, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილები დისტრიბუციასა და ფინანსების სექტორებს ეკავა.

აღსანიშნავია, რომ აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვით ყველაზე მეტად ის არხები დაზარალდნენ, რომლებიც წინა წლის მონაცემებით მეტად იყვნენ დამოკიდებულნი აზარტული სექტორიდან მიღებულ შემოსავლებზე, ტოპ მაუწყებლების მიერ აზარტული თამაშების სექტორში დასაქმებული დამფინანსებლებისგან დაკარგულმა შემოსავლებმა ჯამურად 13.1 მილიონი ლარი შეადგინა.

აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვამ უარყოფითი ეფექტი მოახდინა სარეკლამო შემოსავლებზე. თუმცა, სარეკლამო დამკვეთების რაოდენობის მნიშნველოვანი ზრდა კვარტლიდან კვარტლამდე გარკვეულწილად დადებით ეფექტს იძლევა და ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, საშუალო ვადიან პერიოდში, აღნიშნული ეფექტის დაძლევაა მოსალოდნელი.

აღსანიშნავია, რომ სატელევიზიო მაუწყებლების მიერ მიღებული ჯამური  სამაუწყებლო შემოსავლის 67.5%-ს რეკლამა და სპონსორობა შეადგენდა.

ტელევიზიების მიერ მიღებული ჯამური სარეკლამო შემოსავლის ძირითად წყაროს რეკლამა, პროდუქტის განთავსება და სპონსორობა შეადგენდა. “- ნათქვამია ანგარიშში.