კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია. ამ ეტაპზე რეგიონში 113,5 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, მათ შორის 79,1 ათას ტონამდე მაღალი კონდიციისა და ხარისხიანი ყურძენია, ხოლო უხარისხო და მკვახე ყურძნის წილი მთლიანი მოსავლის მხოლოდ 0,7%-ს შეადგენს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კახეთში დაახლოებით 14 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა. მოსავალი ამ დროისთვის დაახლოებით 8 300-მა მევენახემ ჩააბარა.

რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს ექნება შესაძლებლობა, ყურძენი ჩააბაროს.

ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობებით იბარებს.

საფერავის შემთხვევაში, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია, 1 კილოგრამის ფასი 1,50 ლარია. 16%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში ფასი 1 ლარს, ხოლო 16%-ზე ნაკლები შაქრიანობისას 50 თეთრს შეადგენს.

რქაწითელისა და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევაში, არანაკლებ 19%-იანი შაქრიანობის ყურძნის ფასი 1,30 ლარია. 16%-დან 19%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში ფასი 90 თეთრია, ხოლო 16%-ზე ნაკლები შაქრიანობისას – 50 თეთრი.

ყურძნის ჩაბარების პროცესს ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას.

რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზებზე: 1501 და 032 2 19 37 18.