საქართველოს პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. საკანონმდებლო ცვლილებები საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობის, ჯარიმის დაკისრების, მიუღებელი სარგებლის დარიცხვის, გასაჩივრებისა და აღსრულების პროცედურებს აახლებს.
ცვლილებების მიხედვით, ახალი წესები მიზნად ისახავს საპენსიო სქემის მონაწილეებისთვის კუთვნილი შენატანების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე დროულად და სრულად ასახვას.
კანონის ძირითადი ნაწილი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა, ხოლო ცალკეული დებულებები ეტაპობრივად შევა ძალაში. კერძოდ, 2026 წლის 15 ოქტომბრიდან ამოქმედდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ახალი მექანიზმები, საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევაზე რეაგირების განახლებული წესი და „მიუღებელი სარგებლის“ დაკისრების პროცედურები.
ამასთან, 2027 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება განუხორციელებელი საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული მიუღებელი სარგებლის განწილვადების, ანუ ვალდებულების ეტაპობრივად დაფარვის მექანიზმი.
ცვლილებებით გათვალისწინებულია ერთჯერადი საშეღავათო ღონისძიებაც. კერძოდ, დამსაქმებელი გათავისუფლდება 2026 წლის 18 სექტემბრამდე დაკისრებული და გადაუხდელი ადმინისტრაციული ჯარიმისგან, თუ ის 2026 წლის 31 დეკემბრამდე სრულად დაფარავს საპენსიო შენატანსა და მასზე დარიცხულ საურავს, ანუ მიუღებელ სარგებელს. შეღავათი ეხება 2025 წლის 1 მაისის შემდეგ წარმოშობილი საპენსიო ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებულ ჯარიმებს.
დამსაქმებლებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება 10-დღიანი საშეღავათო პერიოდის დაწესებაა. 15 ოქტომბრიდან, თუ დამსაქმებელი ჯარიმის დაკისრებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში სრულად დაფარავს საპენსიო შენატანსა და შესაბამის მიუღებელ სარგებელს, ჯარიმის გადახდის ვალდებულება გაუქმდება.
ამავე ცვლილებებით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრა, ხოლო ჯარიმის ოდენობა 300 ლარით განისაზღვრა.
განახლდა გადაწყვეტილებების გასაჩივრების წესიც. დამსაქმებელს, საპენსიო სქემის მონაწილეს, პენსიის მიმღებსა და გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრეს საპენსიო ფონდის გადაწყვეტილების გასაჩივრება მისი ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში შეეძლებათ.
საჩივრის წარდგენა სადავო გადაწყვეტილების აღსრულებას შეაჩერებს, თუმცა მონაწილის მიუღებელი სარგებლის დარიცხვას არ შეაჩერებს. დავების განხილვის სამსახურის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება მისი ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იქნება შესაძლებელი. ამასთან, სასამართლოსთვის მიმართვა დავის ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის, დავების განხილვის სამსახურისთვის მიმართვამდეც იქნება შესაძლებელი.
კანონი ასევე ითვალისწინებს საპენსიო ვალდებულების განწილვადების შესაძლებლობას. დამსაქმებელს შეეძლება მოითხოვოს განუხორციელებელი საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული მიუღებელი სარგებლის ეტაპობრივად დაფარვა. აღნიშნული მექანიზმი 2027 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება.
ცვლილებებით ელექტრონული შეტყობინების დამატებითი მექანიზმიც იქმნება. საპენსიო ფონდის გადაწყვეტილებები ხელმისაწვდომი იქნება როგორც საპენსიო ფონდის, ისე შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემებში. დამსაქმებელს გადაწყვეტილების შესახებ მოკლე ტექსტური ან სხვა ელექტრონული შეტყობინებითაც ეცნობება.
გადაწყვეტილება ჩაბარებულად ჩაითვლება ელექტრონულ სისტემაში მისი გაცნობისთანავე. თუ ადრესატი გადაწყვეტილებას განთავსებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში არ გაეცნობა, შესაბამისი ინფორმაცია საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე საჯაროდ გავრცელდება.
საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია საპენსიო სქემის მონაწილეთა კუთვნილი თანხების ინდივიდუალურ ანგარიშებზე სრულად ასახვის უზრუნველყოფა და საპენსიო ვალდებულებების შესრულების კონტროლისა და აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესება.