მაისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.5244-დან 2.5343- მდე (0.4%-ით) გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 2.7633-დან 2.7574-მდე (0.3%-ით) გამყარდა. თვის ბოლოს კი ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.5919 და 2.7824 შეადგინა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მაისში ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ - 2.5919, ხოლო მინიმალურმა 2.4830 შეადგინა.
მაისში გაცვლითი კურსის მაქსიმალური და მინიმალური მნიშვნელობები საშუალო დონიდან თითქმის თანაბრად იყო გადახრილი.
მაისში დოლართან მიმართებაში შესამჩნევია რუსული რუბლის და სომხური დრამის გამყარება, მცირედით გაუფასურდა აზერბაიჯანული მანათი, ხოლო ლარი, ევრო და თურქული ლირა გაუფასურებით ხასიათდებოდა.
„ლარის ნომინალური და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსები წლიურად გამყარებას განაგრძობს. მაისში წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი - 16.0%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 27.2%-ით გამყარდა.
რაც შეეხება თვიურ ტენდენციას, წინა თვესთან შედარებით, მაისში როგორც ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი, ასევე ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.2%-ით გაუფასურდა. ეფექტური კურსის გამყარება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება, თუმცა იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს.
სავაჭრო პარტნიორთაგან მაისში წლიური ინფლაცია თურქეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ევროზონაში, აშშ-ში, ბელარუსსა და რუსეთში საქართველოზე მაღალი იყო, ხოლო დაბალი - სომხეთში. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ინფლაციებში კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა ჯერ ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, - ნათქვამია სებ-ის მიმოხილვაში.