ლარის გამყარების ტრენდი შეიცვალა და ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით ბოლო ორი დღეა გაუფასურების ტენდენციით ხასიათდება. 21 ივნისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.44 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6208 ლარი გახდა.
ლარის გაუფასურების ძირითად მიზეზებზე და შესაძლო პროგნოზებზე „კომერსანტთან“ „საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტმა, ანალიტიკოსმა ნიკა შენგელიამ ისაუბრა. მისი თქმით, ლარი უფასურდება ეროვნული ბანკის არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამო და ეს სიტუაცია, მინიმუმ ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.
„სავალუტო რყევები გაგრძელდება. ეს არის ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის „დამსახურება“, რომ საშუალებას აძლევს კომერციულ ბანკებს, მოსახლეობა და მცირე და საშუალო ბიზნესი გაძარცვონ. ლარის გაუფასურება გარკვეული თამაშის შედეგია, რომ იაფად ნაყიდი დოლარები ძვირად „გაასაღონ“.
წლის ბოლოსთვის კურსი საშუალოდ 2,75-2,80-ის ფარგლებში იქნება, რაც შეეხება ზაფხულის პერიოდს, სავარაუდოდ, 2,57-2,67-ის ფარგლებში იმერყევებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საგარეო ფაქტორები, ლირა გაუფასურდა, თუ საომარი მოქმედება უფრო დაიძაბა, რუსული რუბლიც გაუფასურდება. რუსეთი და თურქეთი ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან და ამ ქვეყნებში გაზრდილი ინფლაცია სერიოზულ პრობლემას შეგვიქმნის“, - ამბობს ნიკა შენგელია.
„თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციით, ლარის კურსის სეზონურ მერყეობას ადგილი აღარ ექნება. „გალტ ენდ თაგარტში“ კი კურსის ცვლილებას ერთჯერადი ფაქტორების გავლენად მიიჩნევს, კომპანიაში ფიქრობენ, რომ 2023 წელს ლარის საშუალო შეწონილი კურსი დოლართან მიმართებით 2,55 იქნება.