ლარის კურსი ორდღიანი უმნიშვნელო გაუფასურების შემდეგ, გამყარების ტენდენციას განაგრძობს. 2023 წლის პირველ კვარტალში ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით კვარტალურად 4.7%- ით, ხოლო წლიურად 25.3%-ით გამყარდა. რეალური გაცვლითი კურსის გამყარება ფიქსირდება ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების უმეტესობასთან.

ლარის გამყარების ტენდენციაზე და შესაძლო პროგნოზებზე „კომერსანტთან“ საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა, ანალიტიკოსმა ნიკა შენგელიამ ისაუბრა. 

„ლარის გამყარების ტრენდი ნოემბრამდე გასტანს, შემდეგ ეროვნული ვალუტა მცირედით გაუფასურდება და ვფიქრობ წელს 2.75-2.80-ს ფარგლებში დაასრულებს. ზაფხულის პერიოდში მთავრობა შეინარჩუნებს დღეს არსებულ კურსს და სავარაუდოდ დიდი რყევები არ იქნება.

ლარის გამყარების ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის სავალუტო შემოდინებები, რომლებიც გაოთხმაგდა ომის დაწყებიდან. ქვეყანაში არის დიდი საბანკო შემოდინებები რუსეთის მოქალაქეების ხარჯზე, რომლებიც საქართველოში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. უკვე 20 000 კომპანია ოფიციალურად საქმიანობს აქ, ამას ემატება ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხაც, რომელიც მუდმივად იზრდება და ფულადი გზავნილების ბოლო სტატისტიკის მიხედვით რუსეთის ფედერაციიდან $223 565 300 გადმოირიცხა.

საგარეო ვალიც დოლარში 8,470 მილიარდია, რაც 390 მილიონით მეტია პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით. ლარში კი ეს უკვე 21,690 მილიარდს შეადგენს და 3,3 მილიარდით არის შემცირებული კურსის გამყარების გამო“, -  აღნიშნა ნიკა შენგელიამ.

ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი წინა კვარტალთან შედარებით აშშ დოლართან 3.5%-ით გამყარდა, თუმცა ევროს მიმართ უმნიშვნელოდ, 1.6%-ით გაუფასურდა. ლარი გამყარებას განაგრძობდა თურქულ ლირასთან (4.8%) და რუსულ რუბლთან (17.3%).