საქართველოს ეროვნული ბანკის თვის მიმოხილვაში ლარის კურსის გამყარებაა შეფასებული და აღნიშნულია, რომ კურსის გამყარება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება, თუმცა იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს.
“ნომინალური და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსები გამყარებას განაგრძობს. მარტში წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი - 17.5%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 27.7%-ით გამყარდა. რაც შეეხება თვიურ ტენდენციას, წინა თვესთან შედარებით, ამავე პერიოდში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 2.3%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 3.2%-ით გამყარდა.
ეფექტური კურსის გამყარება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება, თუმცა იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს. სავაჭრო პარტნიორთაგან მარტში წლიური ინფლაცია თურქეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ევროზონაში, ბელარუსსა და სომხეთში საქართველოზე მაღალი იყო, ხოლო დაბალი - აშშ-სა და რუსეთში. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ინფლაციები ჯერ ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება,”- ნათქვამია მიმოხილვაში.