ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი მაღალი გამავლობის 2 ავტომობილს ყიდულობს, რაშიც ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან 114 ათასი ლარი დაიხარჯება.
მანქანების შესაძენად ხელვაჩაურის მერიამ ტენდერი გასული წლის 12 დეკემბერს გამოაცხადა 155 890 ლარზე.
ტენდერში მონაწილეობა ერთადერთმა კომპანიამ – შპს „სენა ავტომ“ მიიღო და ორი ავტომობილის შეძენა მერიას 150 ათას ლარად შესთავაზა.
საბოლოოდ ხელშეკრულება 114 ათას ლარზე გაფორმდა.
შპს „სენა ავტომ“ ხელვაჩაურის მერიას CHERY TIGGO 7-ის მარკის ორი ავტომობილი მიმდინარე წლის 25 მარტამდე უნდა შეუძინოს და გადაუფორმოს. თითოეულ ავტომობილში ხელვაჩაურის მერია 57 000 ლარს გადაიხდის.
ვინ ისარგებლებს ამ ახალი ავტომობილებით და განკუთვნილია თუ არა ერთი მათგანი ხელვაჩაურის მერის, ზაზა დიასამიძისთვის – ეს კითხვა „ბათუმელებმა“ ხელვაჩაურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მეშვეობით დაუსვა მერს.
ასევე გვაინტერესებდა, რა ბედია ეწია მერის ძველ ავტომობილს.
ზაზა დიასამიძის კომენტარს, მიღების შემთხვევაში, აქვე შემოგთავაზებთ.