ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.5343-დან 2.6178- მდე (3.3%-ით), ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 2.7574-დან 2.8359-მდე (2.8%-ით) გაუფასურდა. თვის ბოლოს კი ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.6177 და 2.8591 შეადგინა. ივნისში ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ - 2.6396, ხოლო მინიმალურმა 2.5972 შეადგინა.
ივნისში გაცვლითი კურსის მაქსიმალური და მინიმალური მნიშვნელობები საშუალო დონიდან თანაბრად იყო გადახრილი.
ივნისში დოლართან მიმართებაში შესამჩნევია თურქული ლირის, რუსული რუბლისა და ლარის გაუფასურება, ასევე შედარებით მცირედით გაუფასურდა ევრო და სომხური დრამი, ხოლო აზერბაიჯანული მანათი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.
„ლარის ნომინალური და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსები წლიურად გამყარებას განაგრძობს. ივნისში წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი - 17.4%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 28.9%-ით გამყარდა. რაც შეეხება თვიურ ტენდენციას, წინა თვესთან შედარებით, ივნისში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.1%-ით გაუფასურდა, ხოლო, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 1.3%- ით გამყარდა. ეფექტური კურსის გამყარება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება, თუმცა იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს.
სავაჭრო პარტნიორთაგან ივნისში წლიური ინფლაცია თურქეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ევროზონაში, აშშ-ში, ბელარუსსა და რუსეთში საქართველოზე მაღალი იყო, ხოლო დაბალი - სომხეთში. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ინფლაციებში კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა ჯერ ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიმოხილვაში.