ეროვნული ბანკის გამოკითხვის შედეგებით, ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, ივლისში ივნისთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. კერძოდ, მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 8%-ზე მეტად ფიქრობენ.
ამავდროულად, ივლისის თვეში მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებმაც 1 წლის შემდგომ მოსალოდნელი ფასების ზრდა 2%-4%-თან ახლოს დააფიქსირეს. ამის საპირისპიროდ, დაიკლო იმ რესპონდენტთა რაოდენობამ, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას 0%-თან ახლოს ელოდებიან.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, ივლისში ივნისთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. კერძოდ, ივნისთან შედარებით, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების მატებას 6%-8%-იან ზრდის ინტერვალსა და 8%-ზე მეტად გაზრდას ელოდებიან. ამის საპირისპიროდ, დაკლებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე საშუალოდ ფასების ზრდას 0%-თან ახლოს ფიქრობენ.
„გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში მომატებულია. კერძოდ, ივლისში ივნისთან შედარებით გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 6%-8%-იან ინტერვალში მოიაზრებენ. მეორე მხრივ, შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 0%-2%-თან ახლოს ინტერვალში ფიქრობენ.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, ივლისში ივნისთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ცვლილებაზე გაზრდილია. მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების მატებას 20%-30%-ის ფარგლებსა და 30%-ზე მეტად ფიქრობენ. მეორე მხრივ, დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების მატებას 0%-10%-იან ფარგლებში ელოდებიან.
გამოკითხულთა აზრით, ივლისში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების ათვისების დონე (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) ივნისთან შედარებით მცირედით გაზრდილია“, - ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.