2026 წლის იანვარში იმ ადამიანთა რაოდენობამ, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებდნენ, 904 967 შეადგინა, რაც წინა თვესთან, 2025 წლის დეკემბერთან შედარებით, 11.7%-ით დაბალი და ხოლო 2025 წლის იანვართან შედარებით, 2.8%-ით მაღალი მაჩვენებელია - ამის შესახებ კვლევითი ცენტრი PMCG-ის "დასაქმების თრექერის" პუბლიკაციაშია საუბარი.

კვლევის თანახმად, დეკემბერში თვიური ხელფასის მიმღებთა 17.8%-ის, დაახლოებით 161 000 ადამიანის, ანაზღაურება 0-დან 599 ლარამდე იყო - ეს წინა თვესთან შედარებით 8.3 პროცენტული პუნქტით გაზრდილი, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 1.8 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

600-დან 1199 ლარამდე ანაზღაურება იანვარში, თრექერის მიხედვით, დაახლოებით, 194 000 ადამიანმა მიიღო, 1200-დან 2399 ლარამდე თვიური ხელფასი კი - დაახლოებით 274 000 ადამიანმა.

რაც შეეხება იმ დასაქმებულებს, რომელთა თვიური ანაზღაურებაც 2 400 ლარს ან მეტს შეადგენს, 2026 წლის იანვარში მათი რაოდენობა 276 015-ია, შესაბამისად, ხელფასის ამღებთა 30.5%. ეს 2025 წლის დეკემბერთან შედარებით 20.3 პროცენტული პუნქტით შემცირებული, ხოლო 2025 წლის იანვართან შედარებით, 4.0 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

PMCG-ის ინფორმაციით, 9 600 ლარი ან მეტი ხელფასი იანვარში 23 529 ადამიანმა აიღო, ხელფასის მიმღებთა 2.6%-მა. შესაბამისად, 9 600+ ანაზღაურების მიმღებთა რაოდენობა წინა თვესთან შედარებით, 3.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა, თუმცა წლიურად 0.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.