ირანთან მიმდინარე სამხედრო კონფლიქტისგან გამოწვეული ეკონომიკური შოკი, მთელ მსოფლიოში, ყოველდღიურად იზრდება. ანალიტიკოსები იმ უდიდეს საფრთხეზე საუბრობენ, რომლის წინაშეც გლობალური ენერგობაზარი დგას.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა ოთარ ცუხიშვილმა განუცხადა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ფონზე, ნავთობის მსგავსად, ფასების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა ბუნებრივ აირზეც.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც კატარმა ირანის თავდასხმების გამო, გათხევადებული ბუნებრივი აირის, იგივე LNG - ის წარმოება შეაჩერა, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე მისი ღირებულება გაორმაგდა და 40-დან 50%-ის ფარგლებში გაიზარდა.
უნდა აღინიშნოს, რომ კატარი - ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ავსტრალიასა და რუსეთთან ერთად, მსოფლიოში თხევადი ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია.
„კატარიდან ყველაზე დიდი რაოდენობით გაზს ჩინეთი და ინდოეთი იღებენ, თუმცა გარკვეული რაოდენობით ბუნებრივი აირი კატარისგან ევროპასაც მიეწოდება, სადაც ამჟამად, მეგავატი-საათი ენერგიის ფასი 60 ევროს აჭარბებს. კატარის მიერ გაზის წარმოების შეჩერება, ასევე, ის ფაქტი რომ ჰორმუზის სრუტე ჩაკეტილია, რომლის გავლითაც ბუნებრივი აირის ექსპორტი ხდებოდა, ბაზარზე მკვეთი დეფიციტის გაჩენის რისკებს ზრდის. დეფიციტთან დაკავშირებული ნეგატიური მოლოდინები კი, ცხადია, ზეწოლას ახდენს ფასებზე“, - განმარტა ოთარ ცუხიშვილმა.
როგორც ცნობილია, კატარის გადაწყვეტილება ბუნებრივი აირის წარმოების შეჩერებასთან დაკავშირებით, „რას ლაფანის“ ინდუსტრიულ ზონაში განხორციელებულ დარტყმებს უკავშირდება. ამ თემაზე ოფიციალური განცხადება გუშინ გაავრცელა კატარის უმსხვილესმა სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია - „კატარ ენერჯიმ“, რომლის კუთვნილ ობიექტზეც განხორციელდა შეტევა. ამჟამად, მიმდინარეობს მიყენებული ზარალის შეფასება, რის შემდეგაც ენერგოოპერაციების აღდგენის ვადები დაზუსტდება. მანამდე კი, მსოფლიო ბაზარს, ბუნებრივი აირი შეზღუდული რაოდენობით მიეწოდება.
ანალიტიკოსების განცხადებით, გათხევადებული ბუნებრივი აირის გაძვირება გავლენას ახდენს მისგან წარმოებული სხვა პროდუქტების ფასებზეც. მათ შორის, LPG -ის ღირებულებაზე, რომელიც წარმოადგენს თხევად ნავთობგაზს და არის ენერგოეფექტური, ეკოლოგიურად სუფთა საწვავი, რომელიც ფართოდ გამოიყენება როგორც ალტერნატიული საწვავი ავტომობილებისთვის.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის გამო, უკვე შეინიშნება გლობალური ფასების ზრდა LPG-ზეც. საერთაშორისო ბირჟებზე 1 ლიტრი, ბოლო დღეებში, თითქმის 10 პროცენტით არის გაძვირებული და ამჟამად, 71 ცენტად ივაჭრება.