გორში ალკოჰოლური სასმელების უკანონოდ დამზადების საქმეზე პროკურატურამ შემოსავლების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
"საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ვლადიმერ ხუნდაძეს, პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორის გოგიჩაიშვილთან, რომელიც თანამზრახველებთან ერთად ქ. გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების - ვისკისა და არყის დამზადებასა და შენახვას.ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა პროდუქციის საქართველოში უსაფრთხოდ შემოსატანად ბორის გოგიჩაიშვილმა დასახმარებლად მიმართა ვლადიმერ ხუნდაძეს, რომლის სამსახურებრივ უფლებამოსილებასაც საბაჟო პროცედურების კონტროლი და ზედამხედველობა წარმოადგენდა.ვლადიმერ ხუნდაძე ბორის გოგიჩაიშვილს მუდმივად აძლევდა მითითებებს პროდუქციის შემოტანისა და განბაჟების სათანადო დროის შესახებ, ასევე უთითებდა თუ რა შინაარსით უნდა მომხდარიყო პროდუქციის განბაჟება, რათა საბაჟო პროცედურების გავლის დროს საფრთხე არ შექმნოდათ.
შედეგად, 2025 წლის პირველ ნახევარში, ბორის გოგიჩაიშვილმა, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, საქართველოში შემოიტანა ალკოჰოლური სასმელების უკანონოდ დასამზადებლად საჭირო პროდუქცია: სპეციალური შეფუთვის მქონე მინის ბოთლები, ეტიკეტები, საცობები და სხვ.გარდა აღნიშნულისა, ვლადიმერ ხუნდაძისთვის ზუსტად იყო ცნობილი თუ რა დანაშაულის ჩადენა ხორციელდებოდა ბორის გოგიჩაიშვილისა და მასთან დაკავშირებული პირთა მიერ.
თუმცა, მის მიერ არ მომხდარა შესაბამისი სამსახურებრივი რეაგირება და არც სხვა სახელმწიფო ორგანოებისთვის შეტყობინება მძიმე დანაშაულის შესახებ.ვლადიმერ ხუნდაძეს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაუსწრებლად წარედგინა.პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მოცემულ საქმეზე, მიმდინარე წლის 16 სექტემბერს გამოძიებამ ქ.გორში სპეციალურ მოწყობილ ფართში აღმოაჩინა სხვადასხვა უცხოური ბრენდის სასაქონლო ნიშნის გამოყენებით დამზადებული 75 000-ზე მეტი ბოთლი ალკოჰოლური სასმელი, რომელთა ღირებულება რამდენიმე მილიონ ლარს აღემატება.დასახელებულ ფაქტზე პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ უკვე დაიწყო" | წერია უწყების განცხადებაში
ორგანიზებული ჯგუფის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულია 7 პირი, მათ შორის ყოფილი მოკრივე ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი და გორის საკრებულოს წევრი ბორის გოგიჩაიშვილი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი 17 სექტემბერს ამოიღო. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები შიდა ქართლის რეგიონში კუსტარულად ამზადებდნენ და არალეგალურად ახორციელებდნენ ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციას.
22 ოქტომბერს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს ვლადიმერ ხუნდაძის ძმა, კობა ხუნდაძეც. კობა ხუნდაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა, ჯამში 1 319 300 აშშ დოლარი.
ძმები ხუნდაძეები სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის კადრებად მოიაზრებიან. მიმდინარე საქმეების ფარგლებში გამოძიებამ ჩხრეკა გრიგოლ ლილუაშვილის სახლშიც ჩაატარა.
 
                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                