ახალი ციფრული ბანკი „ჰეშ ბანკი“ პირველ ანგარიშგებას აქვეყნებს. ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, ბანკის აქტივები 13 მლნ ლარს, ვალდებულებები 216 816 ლარს, ხოლო სააქციო კაპიტალი 16.6 მლნ ლარს შეადგენს.

„ჰეშ ბანკის“ ადმინისტრაციულმა ხარჯმა მიმდინარე წლის ივნისი ბოლოს 2.1 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც  1.7 მლნ ლარი შრომის ანაზღაურების ხარჯია. ბანკის ზარალი კი ამ დროისთვის 1.6 მლნ ლარს შეადგენს.

„ჰეშ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილია. ბანკის აქციონერები არიან: 1. ვოლოდიმირ ნოსოვი: უკრაინის მოქალაქე, 103,950 აქცია, საწესდებო კაპიტალის 50%; 2. სულხან პაპაშვილი, საქართველოს მოქალაქე, 63,403 აქცია, საწესდებო კაპიტალის 30.5%; 3. ლაშა პაპაშვილი, საქართველოს მოქალაქე, 40,541 აქცია, საწესდებო კაპიტალის 19.5%. 4. ნანა ქებურია: საქართველოს მოქალაქე, 2,100 პრივილეგირებული აქცია (ხმის უფლების გარეშე). 5. ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა გიორგი ჩანადირი, მის გარდა ბანკის დირექტორთა საბჭოში არიან გიორგი ქეშელაშვილი და ირაკლი ჩახნაშვილი.

ცნობისთვის, ლიცენზიის პირობების თანახმად, „ჰეშ ბანკი“ მიმდინარე წლის მაისამდე სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებდა. ციფრულმა ბანკმა ლიცენზია 2023 წლის ნოემბერში მიიღო. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი პირობებით, ლიცენზიის მიღების შემდეგ, 7 თვის განმავლობაში ბანკი სატესტო რეჟიმში აგრძელებდა ოპერირებს.