ეროვნული ვალუტა გამყარების ტრენდს ინარჩუნებს. ლარის გამყარების პარალელურად ეროვნული ბანკი აუქციონზე უცხოურ ვალუტას ყიდულობს და სავალუტო რეზერვებს ავსებს.

ლარიზაციის პირობებში ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა მინიმუმამდეა დასული, ისევე როგორც ადრე, დღესაც მსხვილი ტრანზაქციები დოლარში იანგარიშება. სპეციალისტები ლარის კურსის ფორმირების წესზე ალაპარაკდნენ და ლარის ფიქსირებულ გაცვლით კურსზე საუბარი უფრო აქტიურად დაიწყო. მათი შეფასებით, ეკონომიკის განვითარებისათვის ფიქსირებული ან მულტისავალუტო კურსი მცურავზე მეტად სასარგებლოა.

ფინანსისტი მიხეილ თოქმაზიშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ფიქსირებული კურსით ადვილია ბიზნესის კეთება და შესაბამისად, ხანგრძლივი სტრატეგიის დაგეგმვა, თუმცა აქვე ჩნდება პრობლემაც, თუ როგორ გაიზრდება საგადასახადო დეფიციტი.

„ფიქსირებული კურსი დადებითად აისახება ბიზნესზე, რადგან ამ მათთვის უფრო მარტივია მომავლის დაგეგმვა, ბიზნესის ადაპტირება და ხანგრძლივ პერიოდზე სტრატეგიის შემუშავება, თუმცა პრობლემები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაიზრდება საგადასახდელო დეფიციტი.

მცურავი  კურსის ცვალებადობა ბევრ უარყოფით შედეგს უკავშირდება, ვინაიდან, შეიძლება არასწორი  მოლოდინი გაჩნდეს, რეზერვებთან დაკავშირებითაც შეიქმნას პრობლემა და საბოლოოდ ქვეყნის განვითარებას შეუშალოს ხელი.

ვფიქრობ, ერთ-ერთი გამოსავალი შერეული მოდელია, რასაც ბევრი ქვეყანა მიმართავს. შერეული მოდელია, როცა დაფიქსირება ხდება და მერე ისევ მცოცავზე გადადიან, თუმცა ხელოვნურად არ უნდა აფიქსირებდეს ეროვნული ბანკი კურსს“, - ამბობს ფინანსისტი.

თუმცა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამ მოდელს ეწინააღმდეგება და შესაბამისად, ფიქსირებული კურსის მექანიზმს იყენებენ ქვეყნები, რომლებიც სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს ნაკლებად ან საერთოდ არ ითვალისწინებენ და დამოუკიდებელ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას ახორციელებენ. ასეთ ქვეყნებში ნებისმიერი გაცვლითი ოპერაცია ფიქსირებული კურსით ხდება, რაც ბიზნესს წრეებსა თუ ფიზიკურ პირებს შესაძლებლობას აძლევს, დაგეგმონ მომავალი და აიცილონ სავალუტო რისკებიდან მომდინარე ზარალი.

ეკონომისტთა ნაწილი მულტისავალუტო სისტემის მომხრეა, „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ მულტისავალუტო სისტემა ადამიანებს ვალუტის არჩევანის საშუალებას აძლევს, რაც ხელფასების უცხოურ ვალუტაში გაცემის და ასევე პროდუქციაზე ფასის უცხოურ ვალუტაში დადების საშუალებას იძლევა, თუმცა საგადასახადო ბუღალტერიასთან დაკავშირებით იქმნება ტექნიკური პრობლემა, რისი მოგვარებაც შესაძლებელია.

„გარდა ამისა, შესაძლო უფრო მარტივ გამოსავლად ლარის რომელიმე უცხოურ ვალუტაზე, მაგალითად დოლარზე ან ევროზე ფიქსირებული კურსით მიბმა ჩაითვალოს. მსგავს პრაქტიკას იყენებენ ან იყენებდნენ სინგაპური, ჰონკონგი, ბულგარეთი, ბალტიის ქვეყნები.

ასევე დასაშვებია ოქროს ლარის არსებობა, თუმცა ამ შემთხვევაშიც საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რათა ოქრო, როგორც საქონელი აღარ დაიბეგროს და ის ფულად ჩაითვალოს“, - განმარტავს შეშელიძე.

ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებით 2.5731 ლარია, რომელიც 2023 წლის დასაწყისთან შედარებით 5%-ით არის გამყარებული.