ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, რის საფუძველზე არსებობდა საზოგადოებაში სასურსათო პროდუქტების ფასების კლების მოლოდინი. მისი თქმით, ამ საკითხზე სპეციალური კომისია მუშაობდა, თუმცა შედეგი ერთ თვეში ვერ დადგებოდა.

როგორც კაკაურიძემ „ტვ პირველთან“ საუბარში აღნიშნა, გარკვეულ პროდუქტებზე ფასების მატება, სხვა მიზეზებთან ერთად, ტრანსპორტირების გაძვირებით არის გამოწვეული. ამასთან, მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში საფასო პოლიტიკას ეროვნული ბანკი წარმატებით არეგულირებს.

„[პროდუქტების] გაიაფებას რატომ ველოდებოდით არ ვიცი. ამ საკითხზე მუშაობდა კომისია და გარკვეული ნაბიჯები იქნება გადადგმული. თუმცა ერთ თვეში ეს ნამდვილად ვერ მოხდებოდა. გარკვეული მიმართულებებით მუშაობს როგორც მთავრობაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი, ასევე პარლამენტის დასკვნა გვაქვს ჩვენ ამასთან დაკავშირებით. თუმცა ის, რომ გარკვეულ პროდუქტებზე არის ფასების ზრდა, ეს მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯების ნაწილით არის გამოწვეული... არ მგონია რამე საღიარებელი მქონდეს ამ საკითხში. ფასების პრობლემას აკონტროლებს ეროვნული ბანკი და ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებულად“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ვრცლად: bm.ge