2023 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.04 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.3 პროცენტი შეადგინა. სერვისებს შორის, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაძვირდა და გავლენა იქონია ინფლაციის ფორმირებაზე საბანკო მომსახურების ღირებულება იყო, რაც 27.9%-ითაა გაზრდილი.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ საბანკო მომსახურების ღირებულების მატების მთავარი მიზეზი საპროცენტო განაკვეთის ზრდაა.

„ინფლაციაში ერთ-ერთ ძირითად კომპონენტად უკვე შესულია საბანკო სერვისები და ინფლაციის მაჩვენებელში მას მნიშვნელოვანი წილი აქვს.

რაც შეეხება ამ მაჩვენებლის ზრდას, გლობალურად გამკაცრებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ ევროსა და დოლარის სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაზარდა, რამაც საბანკო მომსახურების გაძვირება გამოიწვია.

ფედერალურმა რეზერვმა ბოლო გადაწყვეტილებით ევროს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.25%-მდე გაზარდა, ხოლო დოლარის - 5.5%-მდე. ამის შედეგად, უცხოურ ვალუტაში მკვეთრად გაზრდილია საპროცენტო განაკვეთები.

გარდა ამისა მნიშვნელოვანია, რომ შარშან ლარში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მაქსიმუმზე იყო, რაც რეალურად სასესხო პორტფელზე აისახა და ძირითადი წილი ამაზეც მოდის.

რეალურად ინფლაციის მაღალმა მაჩვენებელმა, მსოფლიოში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთების ზრდა გამოიწვია, რომელიც საპროცენტო განაკვეთების ზრდაზე აისახა და მივიღეთ ის შედეგი, რაც დღეს გვაქვს“,- ამბობს  ალექსანდრე ძნელაძე.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.1 პროცენტით განისაზღვრა.