იმისთვის, რომ ლატვიაში რეგიონული ჟურნალისტიკა გადარჩენილიყო, ადგილობრივ გამოცემებს სთხოვეს, თავიანთი მასალების დიგიტალიზაციის (გაციფრულების) დაფინანსება ევროკავშირისთვის ეთხოვათ. თუმცა, „ლატვიის ტელევიზიის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრიუსელმა ლატვიის მედიიდან შესული ყველა განაცხადი უარყო.

დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ რეგიონებში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის არსებობის აუცილებელი პირობა ადგილობრივი პრესის გაძლიერებაა. ამისთვის კი საჭიროა მკითხველთა ჩვევების სიახლეებთან ადაპტირება, ციფრული კონტენტის მოცულობის გაზრდის მეშვეობით. ამიტომ, რეგიონულ გაზეთებს შესთავაზეს, თავიანთი გამოცემების დიგიტალიზაციისთვის, ევროკავშირის „აღდგენის ფონდის“ თანხები გამოეყენებინათ.

როდესაც გააცნობიერეს, რომ ამ საქმეს მარტო ვერ გაუმკლავდებოდნენ, 21 რეგიონულმა გაზეთმა ძალები გააერთიანა და ბრიუსელში ერთობლივი განაცხადი წარადგინა. მაგალითად, „კურზემნიექსი“ („Kurzemnieks“) ვარაუდობდა, ციფრული შინაარსის გასაუმჯობესებლად, ტექნიკური მხარდაჭერის სახით, 20 000 ევროს მაინც მიიღებდა.

თუმცა, ყველა რეგიონულმა გაზეთმა მიიღო შეტყობინება, რომ მათი განაცხადი არ დაკმაყოფილდა.

„კურზმნიექსის“ მთავარი რედაქტორი და ლატვიის ჟურნალისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი, დაიგა ბიტინიეჩე ამბობს: „შოკირებული ვიყავით, როდესაც გავიგეთ, რომ ერთ ცენტსაც ვერ მივიღებდით. ამაში მარტო ჩემს თავს კი არა, ყველა რეგიონულ მედიას ვგულისხმობ. ზოგიერთი რეგიონული მედიასაშუალებისთვის, რომელსაც თუნდაც სანახევროდ ნორმალური პორტალი ჯერ არ შეუქმნია, ეს შეიძლება მართლაც სასიკვდილო განაჩენი იყოს“.

ლატვიის რეგიონული მედიის ასოციაციის გამგეობის წევრის, ულდის სალმინშის თქმით, თითოეული მედიასაშუალება, საშუალოდ, 50-60 ათასი ევროს ოდენობის მხარდაჭერას ელოდა - ჯამში 750 ათასი ევრო: „ეს უარი დიდი დარტყმაა რეგიონული მედიისთვის“.

ცენტრალური საფინანსო და საკონტრაქტო სააგენტოს (CFLA) განმარტებით, თანხის მიღების მსურველი უფრო მეტი იყო, ვიდრე ფული. ამიტომ, 30 აპლიკანტიდან შეირჩა შვიდი, ვინც უკეთესი პროექტები წარადგინა.

„ყველა პროექტის ხარისხი არ იყო ისეთი მაღალი, როგორც ზოგიერთის... ამიტომ, დაფინასებას საუკეთესოები მიიღებენ. დიახ, ისინი, ვინც უკეთესი პროექტები შეიტანა“, - აცხადებს CFLA-ს პროექტების შერჩევის დეპარტამენტის დირექტორი, აგნეს აბუ-ჯუნეზე.

ევროკავშირის მიერ 3,7 მილიონი ევროთი დაფინანსებული შვიდი აპლიკანტის ვინაობა ჯერ არ სახელდება.

„ლატვიის ტელევიზიის“ ცნობით, ერთ-ერთი პოტენციური ბენეფიციარი შეიძლება იყოს ტექნოლოგიური კომპანია „ტეტი“ , რომელიც პლატფორმა „ჰელიო მედიას“ მფლობელია.

წერილობით პასუხში შპს „ჰელიო მედია“ აღნიშნავს: „პოტენციური დაფინანსების გამოყენება იგეგმება ახალი და უფრო თანამედროვე საინფორმაციო პროგრამის შესაქმნელად და წარმოების პროცესის გაციფრულებისთვის. გარდა ამისა, მოხდება პორტალ 1188.lv-ის მოდერნიზება, ვიზიტორებზე უკეთესი შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით“.

კონკურსში „ტეტის“ პროექტის წარმატების ფონზე, ულდის სალმინში შეშფოთებულია იმ წესებით, რომლებიც არა მედიაასოციაციების, არამედ, ძირითადად, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ასოციაციების მიერ არის შემუშავებული.

„სწორედ ამიტომ უარყვეს ჩვენი პროექტები, რომ ანგარიშს უწევენ არა მედიასექტორს, არამედ მხოლოდ სატელეკომუნიკაციო სექტორს. ზოგიერთი მათგანი უზარმაზარი, მსხვილი კომპანიების ქოლგის ქვეშ ავითარებეს თავის პლატფორმებს. გვინდა, რომ ჩვენც ასევე გვიჭერდნენ მხარს“, - ამბობს სალმინში.

ლატვიის კულტურის სამინისტრომ უარყო ბრალდებები, რომლის თანახმად, რეგიონული მედიის ინტერესები არ გაითვალისწინეს.

„როდესაც ამ სიას ნახავთ, მაშინ უკეთესად შეაფასებთ, მიაღწია თუ არა ამ კონკურსმა თავის მიზანს და მოიცვა თუ არა მან მედიის სხვადასხვა სეგმენტი“, - აცხადებს ლატვიის კულტურის სამინისტროს ევროკავშირის ფონდების დეპარტამენტის დირექტორი, ზანდა საულიტე.

კულტურის სამინისტრო პირობას იძლევა, რომ სხვა ხელმისაწვდომი წყაროებიდან მოიძიებს შესაძლებლობებს რეგიონული მედიის მხარდასაჭერად. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კონკურსი ჯერ არ დახურულა და გამარჯვებულები ოფიციალურად არ დაუსახელებიათ.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი