მუჰუს ციხესიმაგრის მახლობლად დაახლოებით ასი ვერცხლის მონეტისგან შემდგარი განძი აღმოაჩინეს, რაც, შესაძლოა, იმაზე მიუთითებს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი დასახლება არსებობდა.

ეს დიდი დასახლება, სავარაუდოდ, ოდესღაც მუჰუს ციხესიმაგრის გალავნის მიღმა მდებარეობდა, რომელიც 1227 წელს დაიწვა. ჰენრი ლივონიელის ქრონიკაში ეს ტერიტორია ქალაქადაც კი არის მოხსენიებული. ციხესიმაგრის მიმდებარე მინდორზე, სადაც განძი აღმოაჩინეს, რაიმე მასშტაბური გათხრები აქამდე არასდროს ჩატარებულა. საგანძურში ასევე იყო ნახევარპენიანი, ძალიან იშვიათი მონეტა, რომელიც, სავარაუდოდ, საქსონური პენია.

„ამ ადგილს ოთხ ჰექტარი უკავია. ეს არის ადრეული ძალიან დიდი დასახლების ადგილი, საკმაოდ მოზრდილი და საკმაოდ ინტენსიური კულტურული ფენით. იმედი მქონდა, რომ ზოგიერთი სტრუქტურული ნაშთი გადარჩენილი იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. საბჭოთა ეპოქაში ეს ველი ინტენსიურად იხვნებოდა და ამიტომ, ყველაფერი ერთმანეთშია არეული. ეს ცოტა იმედგამაცრუებელი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა - დასახლების დამადასტურებელი ფენის არსებობა აშკარაა“, - ამბობს არქეოლოგი, დოქტორი მარიკა მიაგი.

ლითონების დეტექტორი, ყოველ მოძრაობაზე, ნიადაგში ვერცხლის მონეტების არსებობას ადასტურებს. ორ ჩანთაში, ჯამში, სხვადასხვა წარმომავლობის დაახლოებით ასი ვერცხლის მონეტა ინახებოდა.

„ეს არის სუფთა ვერცხლი, ვიკინგების ეპოქის ვერცხლი, ძალიან მაღალი ვერცხლის შემცველობის მონეტები. ისინი საოცრად კარგად არის შემონახული. თავიდან 40 მონეტა ვიპოვეთ. შემდეგ კიდევ 80, ან შესაძლოა 70, ან შესაძლოა 100 - ზუსტად არც კი ვიცი. მუჰუს ხალხს, ანუ იმ დროინდელ ესტონელებს, საკუთარი ვალუტა არ ჰქონდათ, მონეტები აქ ვაჭრობის გზით მოხვდა. ეს მონეტები არის გერმანიიდან, ინგლისიდან, საფრანგეთიდან, ნიდერლანდებიდან, დანიიდან და ასევე არაბული სამყაროდან“, - აცხადებს ძებნის სპეციალისტი, ეგორ კლიმოვი.

ეგორი ის ადამიანია, რომელმაც ერთხელ ესტონეთის უდიდეს კუნძულ საარემააზე ოქროს საგანძური იპოვა, ეს აღმოჩენა კი მისი გუნდისთვის სიდიდით და მნიშვნელობით მეორეა.

„ძნელი სათქმელია, აქ კიდევ რამდენი იშვიათი საგანძური იმალება. მონეტების ღირებულების მკვეთრად ასამაღლებლად, მხოლოდ ერთი პატარა დეტალია საჭირო“, - მიიჩნევს კლიმოვი.

1tv.ge