საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესი“ სხვადასხვა დარღვევისთვის ჯამში 94 000 ლარით დააჯარიმა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დაარღვია „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესი“, სებ-ს არასწორად წარუდგინა გამოთხოვილი ინფორმაცია, დაარღვია „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესი“, დაარღვია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონი და სხვა.

„1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესი“-ს მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ ინფორმაციის სსიპ „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის“ მის ხელთ არსებული ინფორმაციის არასწორად წარდგენის 5 (ხუთი) ფაქტი, რაც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში - „ჯარიმის წესი“) მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 5 (ხუთი) შემთხვევისათვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის დასაკისრებელი ფულადი ჯარიმა შეადგენს - 10,000 (ათი ათასი) ლარს.

2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პერიოდში გამოთხოვილი ინფორმაციის არასწორად წარდგენის 6 (ექვსი) შემთხვევა, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე, ხოლო, ნახსენები დარღვევის 6 (ექვსი) შემთხვევისათვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის დასაკისრებელი ფულადი ჯარიმა შეადგენს 12,000 (თორმეტი ათასი) ლარს.

3.  მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ 3 (სამი) კლიენტთან მიმართებაში დაირღვა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-11 მუხლის მოთხოვნები, კერძოდ კი, ნახსენები 3 (სამი) კლიენტი მიკროსაფინანსო ორგანიზაციას სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით არ ყავდა აღრიცხული, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 3 (სამი) შემთხვევისათვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის დასაკისრებელი ფულადი ჯარიმა შეადგენს- 30,000 (ოცდაათი ათასი) ლარს.

4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ 5 (ხუთი) კლიენტთან მიმართებაში დაირღვა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა, არ განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგი, კერძოდ გარიგებების შესწავლა. დამატებით 5 (ხუთი) კლიენტთან მიმართებაში დაირღვა ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა, კერძოდ არ განახორციელა კანონმდებლობისა შესაბამისად ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლა, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ კლიენტთან მიმართებაში. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 10 (ათი) კლიენტთან მიმართებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის დასაკისრებელი ფულადი ჯარიმა შეადგენს - 30,000 (ოცდაათი ათასი) ლარს.

5. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ 6 (ექვსი) კლიენტთან მიმართებაში არ არის განხორციელებული „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პრევენციული ზომა, კერძოდ კი, ნახსენები კლიენტების მიმართ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ დაუდგენია კლიენტის საქმიანობის არსი, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 6 (ექვსი) შემთხვევისათვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის დასაკისრებელი ფულადი ჯარიმა შეადგენს 12,000 (თორმეტი ათასი) ლარს“, - წერია სებ-ის ინფორმაციაში.

საერთო ჯამში, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205034639) დაეკისრა ჯარიმა 94,000 (ოთხმოცდათოთხმეტი ათასი) ლარის ოდენობით.