ეროვნულმა ბანკმა დღევანდელი მდგომარეობით, 20-გრამიანი 93 ოქროს ზოდი, ხოლო 1 კგ-იანი 1 ზოდი გაყიდა.
6 დეკემბრის მონაცემებით, 1 კგ-იანი ოქროს ზოდის ფასი 183 992.7 ლარი, ხოლო 20 გრ-იანის 3 679.85 ლარია.
ოქროს სერტიფიკატების გამოშვება და ოქროს ზოდების გაყიდვა ეროვნულმა ბანკმა 4 დეკემბრიდან დაიწყო.
"ბოლო პერიოდში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მომატებული ინფლაციისა და გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, ოქროზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია. ოქროში ინვესტირება ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო საშუალებაა, რომელიც მაღალი ლიკვიდურობით ხასიათდება და მოთხოვნა მუდმივად არსებობს. ოქრო დანაზოგების დივერსიფიკაციის კარგი საშუალებაცაა, ვინაიდან მასზე მოთხოვნა სწორედ მაშინ იზრდება, როდესაც სხვა ტიპის ინვესტიციები უფრო რისკიანი ხდება.
ოქროს სერტიფიკატი ოქროთი უზრუნველყოფილი უპროცენტო ფასიანი ქაღალდია, რომელიც ელექტრონული ფორმით არსებობს. ის გამყარებულია სერტიფიკატის ნომინალის იდენტური წონის ოქროს ზოდებით, რომელიც ეროვნული ბანკის საცავში ინახება. უმაღლესი სინჯის ზოდები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან". - ნათქვამია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ოქროს ზოდები დამზადებულია დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანის The Royal Mint-ის მიერ და მათი სინჯი არის უმაღლესი - 999.9.