საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების საქმეზე ოთხი უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ხუთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საქართველოში დაფუძნებული კომპანიებისა და ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით ქვეყნის საბანკო ანგარიშებზე უცხოეთიდან 21.5 მილიონი ლარის ეკვივალენტი, დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხა გადმორიცხეს, რომლის ლეგალიზებასაც ცდილობდნენ.
პროკურატურის ცნობით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაყადაღებულია უკანონო აქტივების ძირითადი ნაწილი, მათ შორის, დაახლოებით 14 მილიონი ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა და 1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ფიზიკურ პირებს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ, ხოლო იურიდიული პირების მიმართ შესაძლოა ლიკვიდაცია, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა და ჯარიმა დაწესდეს.