ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი ქვეყანაში მოქმედ საგადასახადო კოდექსს აკრიტიკებს. ,,კომერსანტთან’’ საუბარში ის აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა მთლიანად ორიენტირებულია მსხვილი ბიზნესის ხელშეწყობაზე და ქვეყანაში საშუალო და მცირე მეწარმეების განვითარებას აფერხებს.  

,,ჩვენი საგადასახადო კოდექსი კლავს იმის საშუალებას, რომ საშუალო ფენა შეიქმნას ქვეყანაში და მთლიანად მსხვილი ბიზნესის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული. ჩვენ თუ კიდევ ამ საგადასახადო სისტემაში ცვლილებებს შევიტანთ, რომელიც მიკრო და მცირე ბიზნესებს კიდევ გააუარესებს მდგომარეობას კატასტროფა იქნება.’’- აცხადებს მერაბ ჯანიაშვილი.

ეკონომისტი უსამართლოს უწოდებს დაბეგვრის მოქმედ წესს. მერაბ ჯანიაშვილი მიიჩნევს, რომ უნდა შეიცვალოს საგადასახადო კოდექსის პრინციპი და ქვეყანაში პროგრესული დაბეგვრა უნდა ამოქმედდეს. ეკონომისტი განმარტავს, რომ არ შეიძლება თანაბრად იბეგრებოდეს განსხვავებული შემოსავლების მქონე ბიზნესმენები და დასაქმებული პირები.

,,საგადასახადო კოდექსის პრინციპია შესაცვლელი. ამას ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია წლებია გვეუბნება. მსოფლიო ბანკი იქნება თუ სავალუტო ფონდი გვეუბნებიან, რომ არ შეიძლება პროგრესული დაბეგვრა არ გვქონდეს. არ შეიძლება მსხვილი ბიზნესმენი, რომელსაც 100 მლნ. აქვს შემოსავალი და მცირე მეწარმე, რომელსაც 10 ათასი აქვს შემოსავალი ერთნაირი %-ით დაიბეგროს. ყველა განვითარებულ ქვეყანაში პროგრესული დაბეგვრა მოქმედებს. მოგების გადასახადზე იქნება თუ საშემოსავლო გადასახადზე. ვერ ნახავთ განვითარებულ ქვეყანას, სადაც პროგრესული დაბეგვრა არ მოქმედებს. ამერიკა იქნება თუ ევროპის ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა, თუ აზიის. ერთადერთი ვართ ჩვენდა და ასეთი ქვეყნები, როგორიც არის რუსეთი, რომელიც ჯერ კიდევ ვერ არის განვითარებული ეკონომიკა და სადაც უსამართლო პრინციპები მოქმედებს. არ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს 20 ათასი ლარი ხელფასი, მეორეს ჰქონდეს 300 ლარი და ორივე 20%-ს იხდიდეს გადასახადს. ანუ არა ლოგიკურია, რომ ადამიანს რომლის შემოსავალიც მინიმალურ საჭიროებებსაც ვერ აკმაყოფილებს, ისევე იბეგრებოდეს, როგორც ვიღაც, რომელიც ფუფუნების საგნებში ხარჯავს ამ ფულს. არ შეიძლება საარსებო მინიმუმი და მასზე ნაკლები თანხა იბეგრებოდეს.’’- აცხადებს მერაბ ჯანიაშვილი.