ჩვენ დავაკვირდით დინამიკას და დავინახეთ, რომ რუსეთიდან მიგრაციას ნეგატიური ტენდენცია აქვს, გზავნილები მნიშვნელოვნად 75%-ით არის შემცირებული. ასევე, რუსეთის ანაბრების წილის ზრდა საბანკო სექტორის მთლიან ანაბრებში არ ხდება. შესაბამისად, ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიჩნია, რომ მსგავსი ტიპის ანაბრებზე შეიძლება იგივე მიდგომა გვქონდეს რაც სხვა არარეზიდენტებზე, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.
სებ-ის ინფორმაციით, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა არარეზიდენტების უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნის რეკალიბრაციის გადაწყვეტილება მიიღო. მათივე ცნობით, რუსეთის რეზიდენტების უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტებისათვის ლიკვიდობის მოთხოვნა სხვა არარეზიდენტი დეპოზიტების ლიკვიდობის მოთხოვნას 40%-ს გაუთანაბრდა. ბანკებს ამ გადაწყვეტილებით ახალი კრედიტების გასაცემად დაახლოებით 1.4 მილიარდი ლარის ფინანსური რესურსები გამოუთავისუფლდათ.
დავით უტიაშვილის თქმით, 40%-იანი გადინების განაკვეთი საკმაოდ კონსერვატიული მიდგომაა.
მისივე განმარტებით, მოზიდული 100 ლარიდან ბანკმა 40 ლარი ლიკვიდურ აქტივში უნდა შეინარჩუნოს და დარჩენილი 60 ლარი შეუძლია სხვა აქტივებზე მიმართოს.
„ჩვენ მეტ მოქნილობას ვაძლევთ ბანკებს და მსგავსი გადაწყვეტილებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღეისთვის ვხედავთ გლობალურად გამკაცრებულ ფინანსურ პირობებს, რომელიც გადმოეცემა ჩვენ ბაზარს. დღეისთვის დამატებითი მკაცრი მოთხოვნების წინაპირობები არ გვიდგას და ჩვენი მოლოდინია, რომ ასეთი ინსტრუმენტებით ხელს შევუწყობთ ბანკებს უფრო ეფექტიანად მართონ თავიანთი აქტივები“, - აღნიშნა უტიაშვილმა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეთა დეპოზიტები მთლიანი დეპოზიტების 7%-ს შეადგენს, რაც 3.5 მილიარდ ლარს შეადგენს. სულ უცხოეთის მოქალაქეები ქართულ ბანკებში 7.6 მილიარდ ლარს ინახავენ.
სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, ეროვნული ბანკი სიტუაციურად მოქმედებს და აგრძელებს მიმდინარე ტენდენციებზე დაკვირვებას. მისი თქმით, წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სებ-ი ამ ინსტრუმენტს კვლავ აამოქმედებს.
„საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს“,- აღნიშნა დავით უტიაშვილმა.
დეპოზიტების ლიკვიდობის განაკვეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის სებ-მა ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში გაზარდა.