კრიპტოკომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა ეროვნული ბანკის მაღალჩინოსანს წილზე უარი უთხრეს, შეთავაზება ფარულად ჩაიწერეს და სუსს გადასცეს.
კრიპტოკომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა ქვეყანა დატოვეს.
ეროვნულმა ბანკმა და მთავარმა პროკურატურამ რადიო თავისუფლების კითხვების შემდეგ გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ დაწყებულია გამოძიება, რომელიც იკვლევს ეროვნული ბანკის მმართველი საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის შესაძლო მონაწილეობას უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში.
ფარული ჩანაწერი სუს-ისთვის
2024 წლის 19 ივლისს, პარასკევს, შუადღით, ტაქსის ორი ახალგაზრდა ავლაბარში, ნიაბის ქუჩის 50 ნომერში, სამსართულიან კერძო სახლში, საქმიან შეხვედრაზე მიჰყავს.
სტუმრები, დავით ორჯონიკიძე და ნინო ქოპილაშვილი, კრიპტომატების კომპანია „ბიტექსჩეინჯის“დამფუძნებელი და დირექტორი არიან. იმ დროისთვის მათი კომპანია კრიპტომატების ქართული ბაზრის დაახლოებით ნახევარს აკონტროლებს.
მასპინძელი - პარლამენტის ყოფილი წევრი ქართული ოცნებიდან და საქართველოს ეროვნული ბანკის მმართველი საბჭოს მოქმედი წევრი - ნანა ყეინიშვილია. წყვილი შინ ყეინიშვილმა მიიწვია. მისი სამსახურის კომპეტენცია ამ ახალგაზრდების ბიზნესის საქმიანობის კონტროლია.
ყეინიშვილმა არ იცის, რომ სტუმრები შეხვედრაზე ფარული აუდიოჩამწერით მივიდნენ - სუს-თან შეთანხმებით უნდა მოიპოვონ მტკიცებულება, როგორ ითხოვს ეროვნული ბანკის მმართველი საბჭოს წევრი მათგან ბიზნესის წილს.
შეხვედრა 4 საათზე მეტხანს გრძელდება.
რადიო თავისუფლებამ ჩანაწერს სრულად მოუსმინა.
იქ ისმის, როგორ სთხოვს ყეინიშვილი ბიზნესმენს ახალი კომპანიის შექმნას და თავდაპირველად 50 %-ის, შემდეგ კი 49% მისი სიძის სახელზე გაფორმებას. სანაცვლოდ მფარველობას, კონკურენტების ჩამოშორებას და სწრაფად გამდიდრებაში დახმარებას ჰპირდება. ფარული ჩანაწერის ოთხივე საათი ბიტექსჩეინჯის მფლობელებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გადასცეს. მიიღეს დაპირება, რომ ყეინიშვილი აღარ შეაწუხებდათ.
გავიდა ორი წელი - ყეინიშვილი კვლავ თანამდებობაზეა, ახალგაზრდა წყვილის კომპანია ეროვნულმა ბანკმა ნახევარი მილიარდით დააჯარიმა, მათ ქვეყანა დატოვეს.
ყველაფერი კი ასე დაიწყო.
ერთი თვალით და ორი თითით დაწერილი კოდი მილიონიანი ბიზნესისთვის - ვინ არის „ბიტექსჩეინჯი“-ს დამფუძნებელი
საქართველოსა და ბრიტანეთის ორმაგი მოქალაქე დავით ორჯონიკიძე წარმოშობით გორიდანაა. 11 წლის იყო, როდესაც დედის გარდაცვალების შემდეგ ბრიტანეთში მცხოვრებმა დეიდამ იშვილა. დავითმა ორგანული ქიმიის ბაკალავრის დიპლომი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო მაგისტრატურა კვლევითი ქიმიის მიმართულებით ოქსფორდის უნივერსიტეტში დაამთავრა.
16 წლისას ქიმიის სიყვარული ძვირად დაუჯდა ცდის ჩატარებისას რეაქტივები აუფეთქდა, ერთ თვალში მხედველობა და ორივე ხელზე რამდენიმე თითი დაკარგა.
2020 წელს, როდესაც კომპანია „ბიტექსჩეინჯი“ დააფუძნა, ის 25 წლის იყო. კრიპტოვალუტის ბანკომატების ქსელის შექმნასა და და განვითარებაში მისი პარტნიორი ნინო ქოპილაშვილიც მონაწილეობდა, რომელიც 2023 წლის შემოდგომაზე, 30 წლის ასაკში, ბიტექსჩეინჯის“ თანადირექტორი გახდა.
„ერთი თვალით და ამ ორი თითით დავწერე კოდი, რომლითაც ჩვეულებრივი ჩარიცხვის [„ფეიბოქსის“] აპარატი კრიპტომატად გარდაიქმნება. მე და ნინოს შვილები არ გვყავს, არაფერი ამის გარდა არ გვქონია, ეს ბიზნესია მხოლოდ ჩვენი, ამას შევწირეთ ახალგაზრდობის წლები, ემოციური კავშირი გვაქვს ამასთან,“ - ეუბნება დავითი რადიო თავისუფლებას. ის უკვე 12 წელია ნინო ქოპიაშვილთან ერთად ცხოვრობს.
საწყისი კაპიტალის შესაგროვებლად დავითმა ქიმიური ხელსაწყოები გამწოვი კარადა და მაგნიტური მომრევი გაყიდა, მიღებული თანხით ბიტკოინი შეიძინა, მოგვიანებით კი უკვე გაძვირებული ბიტკოინი გაყიდა და ეს თანხა ბიზნესის დასაწყებად გამოიყენა. ახალგაზრდებმა ჩინეთიდან გამოწერილი რამდენიმე აპარატი თბილისში, სხვადასხვა მისამართზე დადგეს და საქმე ასე წამოიწყეს.
წითელი ჯვრიდან პარლამენტის გავლით ეროვნულ ბანკში - ვინ არის ნანა ყეინიშვილი
64 წლის ნანა ყეინიშვილი 2023 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკის უმაღლესი მმართველი საბჭოს წევრია, -თვეში დაახლოებით 14 000 ლარიანი ხელფასით (წლიური 165 000 ლარი)
ყეინიშვილი ახმეტაში დაიბადა. დამთავრებული აქვს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. საზოგადოების ყურადღების ცენტრში პირველად „წითელ ჯავრში“ მუშაობისას მოექცა. ამ საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის ქართულ ოფისს მან 11 წელი უხელმძღვანელა. იმ პერიოდს უკავშირდება ფინანსების მითვისებასა და ნეპოტიზმში მისი საჯაროდ დადანაშაულება. „წითელი ჯვრის“ პრეზიდენტის პოსტი მან 2012 წელს დატოვა, დღეს ამ ორგანიზაციას მისი შვილი, ნათია ლოლაძე ხელმძღვანელობს.