პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით, 26 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეროვნული ბანკის მხრიდან "უმნიშვნელო ინტერვენციები" განხორციელდა.
არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ, 28 ნოემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხი დღის წესრიგიდან 2028 წლამდე ამოიღო, რასაც ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება მოჰყვა.
2024 წლის ნოემბრის ბოლოსთვის საქართველოს სავალუტო რეზერვებმა 4.1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 999 მილიონი დოლარით არის შემცირებული. ზემოთ აღნიშნულ განცხადებაში კი ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ ლარის სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს კვლავაც აგრძელებს.
ეკონომისტ აკაკი ცომაიას შეფასებით, სავალუტო რეზერვები კრიტიკულ ზღვარს უკვე ჩამოსცდა. გარდა ამისა, ეკონომისტი ფიქრობს, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში, ეროვნული ბანკის ქმედებები მცურავი სავალუტო რეჟიმიდან გადახვევაა.
„რეზერვების შემცირება, რა თქმა უნდა, არ არის სწორი გადაწყვეტილება. ფაქტობრივად, ეროვნულმა ბანკმა ბოლო ორი თვის განმავლობაში, მცურავი სავალუტო რეჟიმიდან ფიქსირებულ სავალუტო რეჟიმზე გადაგვიყვანა და ამას, ცხადია, თავისი ფასი აქვს.
ლარის კურსის სტაბილურობა არ ნიშნავს, რომ ეკონომიკა წესრიგშია; ლარის უბრალოდ ეკონომიკის ტემპერატურას აჩვენებს, სხვას არაფერს. თუ სიცხის მზომს მანიპულაციას ჩავუტარებთ, რომ სიცხე არ დააფიქსიროს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკას იმ მომენტში სიცხე არ აქვს.
სჯობს, ლარის კურსმა ყოველთვის თავისი ბუნებრივი ნიშნული აჩვენოს და ამით შინამეურნეობებმა და კომპანიებმა რეაგირება მოახდინონ იმ შოკზე, რომელსაც ისინი ლარის კურსის მეშვეობით ხედავენ.
სწორედ ლარის კურსი აძლევს მათ ინფორმაციას გადაწყვეტილების მიღებისთვის, თუ როგორ უნდა განახორციელონ შემდგომი ეკონომიკური აქტივობები. ამდენად, ეროვნული ვალუტის ფიქსაცია დარეზერვების ხარჯზე არასწორია, მით უფრო რომ რეზერვები საკმაოდ ჩამოსცდა კრიტიკულ ნიშნულს, რაც საერთაშორისო საფინანსო რეიტინგში ზრდის ქვეყნის რისკის ფაქტორს და ზრდის იმის ალბათობას, რომ მომავალში უცხოურ ვალუტაზე წვდომა შემცირდეს“,- თქვა პაატა ცომაიამ.