2025 წლის ბათუმობისთვის, ქალაქის ბიუჯეტში 380 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული.
აღნიშნული თანხიდან 223 ათასი ლარი მომღერლების ჰონორარებსა და კონცერტის ორგანიზებაზე დაიხარჯა. ღონისძიების ფარგლებში „შერატონში“ ვახშამიც შეუკვეთეს, თუმცა რამდენი პირი მიიწვიეს და რამდენი დახარჯეს – ბათუმის მერია ამ დრომდე ასაიდუმლოებს.
მომღერლების ჰონორარების ხარჯები ბათუმის მერიის კულტურის ცენტრმა შესაბამის პლატფორმაზე ატვირთვა, თუმცა „შერატონში“ გამართული ვახშმის ხარჯებს ამ დრომდე არ ასაჯაროებს.
„ბათუმელები“ არაერთხელ დაუკავშირდა ბათუმის მერიას და კულტურის ცენტრს და ჰკითხა, რამდენი სტუმარი ჰყავდა მოწვეული „ბათუმობის“ ვახშამზე „შერატონში“ და რამდენი ლარი გადაიხადეს ბიუჯეტიდან ვახშამში? მათ ასევე ვკითხეთ, თუ რატომ არ არის ვახშმობის ხარჯების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროებული. თუმცა კულტურის ცენტრი მერიის პროტოკოლისკენ იშვერს თითს, პროტოკოლი კი კულტურის ცენტრისკენ.
ულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა, ირაკლი შაფათავამ ახსენა „პრობლემები ხაზინაში“, თუმცა არ დაუზუსტებია, რა ტიპის პრობლემებზე იყო საუბარი.
რაც შეეხება მერიის პროტოკოლის სამსახურს, კონკრეტულ პასუხს, ვერც გელა ბოლქვაძე გვცემს. ამბობს, რომ არ ახსოვს, რამდენი სტუმარი მოიწვიეს ვახშამზე და რა თანხები იყო ამისთვის გათვალისწინებული. ჯერ კიდევ გასულ კვირას შეგვპირდა, რომ „ჩახედავდა დოკუმენტებს“, თუმცა ერთი კვირის გასვლის მიუხედავად, ეს ინფორმაცია მაინც არ მოგვაწოდეს. ბოლოს კი ჩვენს სატელეფონო ზარებსაც აღარ უპასუხეს.
რადგან „ბათუმობის“ მთლიანი ბიუჯეტი 380 ათასი ლარი იყო, აქედან კი 223 ათასი ლარი ორგანიზებაზე, ჰონორარებსა და ტექნიკურ ნაწილზე დაიხარჯა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვახშმისთვის თანხა ამ დარჩენილი 157 ათასი ლარიდან გადაიხადეს [ან გადაიხდიან].
რაც შეეხება კონცერტის ხარჯებს, ასე გამოიყურება:
მომღერლებმა – მზია ფარტენაძემ, მორის მელაძემ, ნიკო ბერიძემ, გიორგი ნაკაშიძემ, გვანცა ოსიყმაშვილმა, თამარ მიქელაძემ და ნონა კორიფაძემ, „ბათუმობის“ კონცერტზე 2 551 – 2 551 ლარი აიღეს ჰონორარის სახით.
„კახაბერი და ხანუმების“ ჰონორარი 30 303 ლარი იყო ამ კონცერტზე. „ტრიო-გოგლაურამ“ ჰონორარის სახით 5 ათასი ლარი აიღო, ხოლო მომღერალ არჩილ გოგიტიძეს 5 102 ლარი გადაუხადეს.
„ბათუმობის“ კონცერტის წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე იყო, რომელსაც ჰონორარის სახით 4 465 ლარი გადაუხადეს.
„ბათუმური კვინტეტის“ [ხელშეკრულება გაფორმდა სულხან ჯაიანთან] ჰონორარში 15 306 ლარი დაიხარჯა.
კონცერტის სამხატვრო ხელმძღვანელ ნიკა ნიკვაშვილს კი 19 132 ლარი გადაუხადეს; დავით წერეთელს – 9 900 ლარი ფოტო და ვიდეო გადაღებაში.
უშუალოდ ჰონორარებში ქალაქის ბიუჯეტიდან მიმდინარე წლის „ბათუმობაზე“ ჯამში 109 ათასი ლარი დაიხარჯა.
2025 წლის „ბათუმობა“ ორდღიანი იყო და 3-4 მაისს გაიმართა.