Bank of America-მ განაცხადა, რომ ახლა ოქროში ინვესტიციის დროა და ძვირფასი ლითონის სასარგებლოდ მთავარი არგუმენტები მოჰყავს.

ბანკის განცხადებით, უმჯობესია ძვირფასი ლითონის ფლობა, როდესაც ფინანსური აქტივები უარყოფით რეალურ მომგებიანობას აჩვენებს.

Bank of America-ს საინვესტიციო და საბირჟო ფონდის სტრატეგმა ჯარედ ვუდარდმა დასძინა, რომ ოქრო არის იმ მცირერიცხოვან ფინანსურ ინსტრუმენტთაგანი, რომელსაც არ აქვს პირდაპირი კორელაცია აქციებთან. შესაბამისად, ძვირფას ლითონს აქვს პოტენციალი, რათა დაიცვას სახსრები ეკონომიკაში სტაგფლაციის პირობებში.

სტაგფლაცია არის ფაზა, როცა ეკონომიკაში კრიზისული პერიოდისას ფასები იზრდება და ბაზარზე მოთხოვნა სუსტდება. ამ ფაზას ასევე ახასიათებს მაღალი უმუშევრობა და ეკონომიკური სტაგნაცია ან რეცესია.

Bank of America-ს აქციები ახლა თითქმის 28 დოლარი ღირს. ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია 222,2 მილიარდი დოლარია.

მიმდინარე წლის იანვრიდან ამ აქტივის მაქსიმალურმა ღირებულებამ უნციაზე 2060 დოლარს მიაღწია. ეს ფასი აპრილის შუა რიცხვებში დაფიქსირდა. უფრო ძვირი ოქრო 2022 წლის მარტში ღირდა.

მასალის წერისას ძვირფასი ლითონის ღირებულება უნციაზე 2016 დოლარის დონეზე მერყეობდა, ამის შესახებ პორტალი GoldPrice იუწყება.