საგადასახადო ექსპერტის, ირაკლი შავიშვილის მოლოდინით, თუკი მთავრობა ქონების გადასახადის 40 000 ლარიანი ზღვრის გაზრდას გადაწყვეტს, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ბიუჯეტში შემოსავლები შემცირდება.

როგორც შავიშვილმა "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა, მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ზღვრის გაზრდის საპირწონედ, მთავრობა ბიუჯეტის შემოსავლების დასაბალანსებლად სხვა რაიმე ტიპის საგადასახადო ტვირთს შემოიტანს.

„ჩემი აზრით, უვარგისი მოდელი გვაქვს, როდესაც ქონების გადასახადი პირის და მისი ოჯახის შემოსავალზეა დამოკიდებული. საერთოდ ქონების გადასახადის არსი არის ის, რომ ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ამ ქონების დაცვის საფასური. ამასთან, პირის შემოსავალს არანაირი კავშირი არ აქვს იმიტომ, რომ თუ შემოსავლის დაბეგვრა გვინდა, ამისთვის არსებობს საშემოსავლო გადასახადი. ქონების გადასახადი სხვა ტიპის გადასახადია.

რაც შეეხება თვითონ ზღვრის აწევას, ზღვარი, რა თქმა უნდა, მოძველებულია, თუ მაინც ეს მოდელი დარჩება რაც დღეს არის, იმიტომ რომ ეს ზღვარი შემოვიდა 2005 წლიდან, იმის შემდეგ გავიდა 21 წელი და სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა ქვეყანაში, მათ შორის ფინანსური კუთხით და ის, რაც 21 წლის წინ დიდ შემოსავლად ითვლებოდა, დღეს უკვე ფაქტობრივად საშუალო შემოსავალს შეიძლება უტოლდებოდეს. ამიტომ ეს ზღვარი ასაწევია.

თუმცა მე ამ ცვლილებებს ჩემი დაახლოებით 30-წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ, იმიტომ რომ არ მგონია ხელისუფლებამ დაუშვას შემთხვევა, როდესაც ბიუჯეტის შემოსავლები შემცირდება. ამიტომ თუ ისინი ამ ზღვარს ასწევენ, აუცილებლად მოაყოლებენ ისეთ ცვლილებებს, რომლებიც კიდევ უფრო გაზრდის ამ გადასახადის ტვირთს. ან ამ გადასახადში მოაყოლებენ ცვლილებებს, ან სხვა გადასახადებში შეიტანენ ცვლილებებს.

არ ვიცი, ახლა რა აქვთ მომზადებული ხელისუფლებაში, მაგრამ ჩემი გამოცდილება მეუბნება, რომ როდესაც ხელისუფლება ამგვარ ხმაურიან ცვლილებებს აკეთებს, იმ ცვლილებებს ჩუმ-ჩუმად მოჰყვება ხოლმე ისეთი ცვლილებებიც, რომლებიც აუარესებს გადამხდელის მდგომარეობას. ძალიან ხშირად მომხდარა ასე, იმიტომ რომ ხელისუფლება არ უშვებს შემთხვევას, რომ ბიუჯეტის შემოსავლები შემცირდეს“, - განაცხადა ირაკლი შავიშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გადახედვას გეგმავს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ BMG-ის განუცხადა, რომ ქონების გადასახადი მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე შეიცვლება, იქამდე, ვიდრე მოქალაქეებს მისი დეკლარირება მოუწევთ.

როგორც პაატა კვიჟინაძე განმარტავს ამჟამად ახალი ზღვარი ან გადასახადის სრული განახლებული კონფიგურაცია ჯერ შეთანხმებული არაა და განხილვის პროცესშია ოთხი შესაძლო მოდელი, რომელიც არსებულ ქონების გადასახადს ჩაანაცვლებს.

წყარო: bm.ge