ახალი წლის პერიოდში ლარზე მოთხოვნა იზრდება და ვფიქრობ, ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა ექნება თავისი რეზერვების გარკვეული ნაწილი შეავსოს, ხოლო გაზაფხულის პერიოდში, ტურისტულ სეზონზე შესაძლებელია ზრდაზეც ვისაუბროთ, - ამის შესახებ ფინანსისტმა ლევან სურგულაძემ გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2"-ზე განაცხადა.
მისივე შეფასებით, ეროვნული ბანკი აუცილებელ და საკმარის რეზერვს იმისთვის ხარჯავს, რომ ლარის აჟიოტაჟური ვოლატილობა მისაღებ დონეზე დაიყვანოს და ქვეყნის ფინანსური სისტემა გადაარჩინოს - გამოყენებული რეზერვების რაოდენობაში კი, მას არც ერთი კანონი არ ზღუდავს.
"ოფიციალური მასალების მიხედვით ჩვენი მაკროეკონომიკური ფუნდამენტალები არის ძლიერი და მათი კონფიგურაციაც არის ხელსაყრელი. ჩვენ წელს უნდა გვქონდეს 7-8%-იანი ეკონომიკური ზრდა, ამასთან ერთად გვაქვს დაბალი ინფლაცია. შესაბამისად, გადახურების არავითარი საფრთხე არ არსებობს, რადგან მიზნობრივ ინფლაციაზე დაბალია ჩვენი მაჩვენებელი. ასევე, გვაქვს სტაბილური ლარი, ფასები და ფინანსური სისტემა.
ეროვნულ ბანკს აქვს ვალდებულება დაიცვას ფინანსური სისტემის და ფასების სტაბილურობა, რაც მეტწილად დამოკიდებულია ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობაზე. ეს შეიძლება შეიცვალოს ორი გარემოების გამო: ერთ შემთხვევაში "ტრენდულად", როდესაც მაკროეკონომიკური ფუნდამენტალები იცვლება და მეორე შემთხვევაში, ლარის მერყეობა გამოწვეულია ერთჯერადი აჟიოტაჟური ფაქტორებით, რომელიც თუ გრძელვადიანად გაგრძელდა, შესაძლებელია დააზიანოს როგორც ფინანსური, ისე ფასების სტაბილურობა. ამიტომ ამ მეორე შემთხვევაში, ეროვნული ბანკი არის ვალდებული მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენოს. ერთ-ერთი ასეთი ბერკეტი გახლავთ ინტერვენციები. ეროვნული ბანკი ინტერვენციების მეშვეობით თუ დოლარზეა გაზრდილი მოთხოვნა აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას, ხოლო თუ პირიქით არის, მაშინ პირიქით, იღებს დოლარს.
ეროვნულ ბანკს გამოყენებული რეზერვების რაოდენობაში არ ზღუდავს არც ერთი კანონი და არც ერთი კანონსქვემდებარე რეგულაცია. მან უნდა გამოიყენოს აუცილებელი და საკმარისი რეზერვი იმისათვის, რომ მიაღწიოს მთავარ მიზანს. ინტერვენციები ხდებოდა ყოველთვის 2009 წლიდან. ამ 16 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი 7 წელი ყიდდა დოლარს, ხოლო დანარჩენი 9 წლის განმავლობაში ყიდულობდა. ყველაზე მასშტაბური ინტერვენცია, როდესაც ეროვნულმა ბანკმა თავისი რეზერვების 25% გაყიდა 2020 წელი იყო, კოვიდპანდემიის პერიოდი. შემდეგი დიდი ინტერვენცია - 11.6% იყო, როდესაც ნავთობზე ფასების დაცემამ ჩვენს ნავთობმწარმოებელი მეზობლების ეკონომიკებში გარკვეული შოკები გამოიწვია, რომელიც ჩვენს ღია ეკონომიკას გადმოეცა. შესაბამისად, საჭირო გახდა რეზერვების დახარჯვა. მაგალითად, 2009 წელს 7% დახარჯეს, 2010 წელს 10% და წელს კი 11%-ის ფარგლებში არის დახარჯული, თუმცა წლის ბოლომდე 2 თვე გვაქვს კიდევ წინ.
რაც შეეხება რეზერვების შევსებას - იმ 9 შემთხვევაში, როდესაც ეროვნული ბანკი დოლარს ყიდულობდა ყველაზე მასშტაბური 2023 წელი გახლდათ, როდესაც ეროვნულმა ბანკმა 25%-ით თავისი რეზერვები გაზარდა.
წინასაარჩევნოდაც ჩვენი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები იყო ძლიერი და კარგი. არც არაფერი შეცვლილა. ყველა ქვეყანაში ასეა, რომ აღნიშნულ პერიოდში მოქალაქეებს უჩნდებათ გაურკვევლობა და შესაბამისად, ეს იწვევს აჟიოტაჟურ მოთხოვნას თუნდაც მყარ ვალუტაზე. ეს ეროვნულმა ბანკმა თავისი ინტერვენციებით წარმატებით აღმოფხვრა. შესაბამისად, მაკროეკონომიკა არჩევნებამდეც ძლიერი იყო და ახლაც ძლიერია. არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ თვალსაწიერ მომავალში რაიმე შეიცვლება, თუ გარე შოკები არ იქნება", - აცხადებს ლევან სურგულაძე.