აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით გაიზარდა და 97 მილიონ ლარს შეადგენს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით წარდგენილ კანონის პროექტს, რომელიც სამინისტროს ბიუჯეტის 10 მილიონი ლარით გაზრდას ითვალისწინებს, უმაღლესი საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს.

გაზრდილი ბიუჯეტი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის მნიშვნელოვანი პროგრამების დაფინანსებას მოხმარდება. დამატებითი რესურსი მიმართული იქნება ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა და გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის, ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების, დაავადებათა პრევენციისა და პროფილაქტიკისა და სხვა მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელებისკენ.

ბიუჯეტის ზრდის შედეგად, დამატებით 10 000-ზე მეტ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს შესაბამისი სამედიცინო და სოციალური სერვისებით.ბიუჯეტის ზრდა მიზნად ისახავს მოსახლეობისთვის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას და მოქალაქეთა საჭიროებებზე ორიენტირებული პროგრამების გაძლიერებას.

წყარო: jandacva.ge