საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აჭარისა და გურიის რეგიონებში გამოვლინდა 22 უკანონოდ მოქმედი ვალუტის გადამცვლელი პუნქტი.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ობიექტები არ აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს და საქმიანობას საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ნებართვის გარეშე ახორციელებდა.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამართალდამცველებმა ერთდროულად 22 მისამართზე ჩაატარეს ჩხრეკა. შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ქართული და უცხოური ვალუტა, კომპიუტერული ტექნიკა და ვალუტის გაცვლისთვის გამოყენებული სხვადასხვა ინვენტარი.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამოღებული ფულადი სახსრების საერთო ღირებულება 500 000 ლარს აღემატება.

უწყებაში აცხადებენ, რომ გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში მონაწილე პირების იდენტიფიცირების მიზნით.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.