2023 წლის 5 თვეში ფულადი გზავნილები წლიურად 47.9%-ით, ექსპორტი 18.5%-ით, იმპორტი კი 19.1%-ით გაიზარდა. ინფორმაციას Galt&Taggart კვირის მიმოხილვაში აქვეყნებს.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის მაისში საქონლის ექსპორტის და იმპორტის წლიური ზრდის ტემპები შენელდა გასული წლის მაღალი ბაზიდან გამომდინარე. კერძოდ, ექსპორტის წლიური ზრდა 3.0%-მდე შენელდა და 538.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის 20.4%-იანი ზრდის შემდეგ. ამასთან, იმპორტის წლიური ზრდის ტემპი 1.4%-მდე შენელდა და 1.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვეში დაფიქსირებული 11.5%-იანი ზრდის შემდეგ. შედეგად, სავაჭრო დეფიციტი წლიურად თითქმის უცვლელი დარჩა, რომელმაც 659.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის 5.0%-იანი ზრდის შემდეგ.
„ჯამურად, 2023 წლის პირველ 5 თვეში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 19.5%-ით გაიზარდა და 3.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 18.5%-ით გაიზარდა 2.5 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 19.1%-ით გაიზარდა 5.9 მლრდ აშშ დოლარამდე.
სებ-ის მიხედვით, 2023 წლის მაისში ფულადი გზავნილები წლიურად 23.9%-ით შემცირდა წინა წლის მაღალი ბაზის გამო, თუმცა წინა თვესთან შედარებით 4.1%-ით გაიზარდა და 384.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილები წლიურად შემცირდა რუსეთიდან (-50.7% წ/წ, -3.0% თ/თ, მთლიანის 40.2%) და ყაზახეთიდან (-3.8%). ამასთან, გზავნილების ზრდას ადგილი ჰქონდა შემდეგი ქვეყნებიდან: იტალია (+20.0%), აშშ (+37.9%),საბერძნეთი (+4.8%), გერმანია (+48.5%), ისრაელი (+12.6%) და თურქეთი (+80.5%).
ჯამურად, 2023 წლის პირველ 5 თვეში ფულადი გზავნილები წლიურად 47.9%-ით გაიზარდა და 2.0 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა“, - ნათქვამია კვირის მიმოხილვაში.