2026 წლის პირველ ნახევარში ჯარიმებიდან, სანქციებიდან და საურავებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-ივნისში ამ მიმართულებით ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 70.4%-ით გაიზარდა, რაც დაახლოებით 123 მილიონი ლარით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ 2026 წლის ექვს თვეში სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებულმა შემოსავალმა 297.6 მილიონი ლარი შეადგინა. 2025 წლის იანვარ-ივნისში კი აღნიშნული მაჩვენებელი 174.6 მილიონი ლარი იყო.
მთლიანი შემოსავლიდან 242.1 მილიონ ლარზე მეტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დაკისრებულ ჯარიმებზე მოდის. გასული წლის იმავე პერიოდში ამ კატეგორიიდან ბიუჯეტში 140.3 მილიონი ლარი შევიდა.
ზრდა განსაკუთრებით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებისთვის გამოწერილ ჯარიმებში დაფიქსირდა. 2026 წლის იანვარ-ივნისში ამ მიმართულებით ბიუჯეტის შემოსავალმა 148.4 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 54%-ით, ანუ თითქმის 52 მილიონი ლარით მეტია.