48 გუნდის მონაწილეობით გამართული 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 40 დღისა და 104 მატჩის შემდეგ დასრულდა. ტურნირის გამარჯვებული ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში არგენტინა 1:0 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეორედ მოიპოვა.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 655 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც FIFA-ს მიერ ორგანიზებული ტურნირის ისტორიაში ყველაზე მაღალი თანხაა. შედარებისთვის, 2022 წლის მუნდიალის საპრიზო ფონდი 440 მილიონი დოლარი იყო, რაც ნიშნავს, რომ ოთხ წელიწადში ის თითქმის 50%-ით გაიზარდა.

წელს მსოფლიო ჩემპიონატი 48-გუნდიანი ფორმატით პირველად ჩატარდა. საპრიზო თანხაც სწორედ ამ 48 ნაკრების შედეგების მიხედვით გადანაწილდა.

აღსანიშნავია, რომ ფულადი ჯილდო იმ 16 ნაკრებსაც ერგო, რომლებმაც ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლიეს. თითოეულმა მათგანმა 9 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.

მეთექვსმეტედფინალში გასულმა 16 ნაკრებმა 11-11 მილიონი დოლარი დაიმსახურა, მერვედფინალისტებმა კი – 15-15 მილიონი დოლარი.

მეოთხედფინალში გასული ოთხი ნაკრები – მაროკო, ბელგია, ნორვეგია და შვეიცარია – FIFA-სგან 19-19 მილიონ დოლარს მიიღებს.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში დამარცხებული საფრანგეთის ნაკრები 27 მილიონი დოლარით დაჯილდოვდება, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელი ინგლისი – 29 მილიონი დოლარით.

ფინალისტებს შორის, ვიცე-ჩემპიონი არგენტინა 33 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს, ხოლო მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი – 50 მილიონ დოლარს.

მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული საპრიზო თანხის განაწილების წესი თითოეული ეროვნული ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. როგორც წესი, თანხა ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბსა და ტურნირში ჩართულ სხვა პერსონალს შორის ნაწილდება, თუმცა კონკრეტული სქემა ყველა ქვეყანაში განსხვავებულია.

ვრცლად forbes.ge - ზე