რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა იანვრის შემდეგ რეზერვებიდან 43,5 ტონა ოქრო გაყიდა. იმ ფონზე, როდესაც წლის პირველ ნახევარში რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა 6 ტრილიონ რუბლს მიაღწია - ინფორმაციას The Moscow Times ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეს არის ოქროს რეზერვების ყველაზე დიდი ექვისთვიანი შემცირება ბოლო სულ მცირე მეოთხედი საუკუნის განმავლობაში. რუსეთი კვლავ ინარჩუნებს მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ეროვნულ ოქროს მარაგს, თუმცა ოქროს ამჟამინდელი მასშტაბური გაყიდვა უპრეცედენტოა მსოფლიო ოქროს საბჭოს სტატისტიკის წარმოების მთელ ისტორიაში.
COVID-19-ის პანდემიის დროსაც კი, როდესაც მთავრობა რუბლისა და ფედერალური ფინანსების მხარდასაჭერად სარეზერვო აქტივებს ყიდდა, რუსეთმა 2020 წლის ივლისიდან 2021 წლის აპრილამდე მხოლოდ 7,6 ტონა ოქრო გაასხვისა - რაც მიმდინარე წელს გაყიდული რაოდენობის დაახლოებით მეექვსედია. მანამდე, 8 ივლისს, რუსეთის უდიდესი ოქროს მწარმოებლის, Polyus-ის აქციები მოსკოვის ბირჟაზე 26%-ით დაეცა, რამაც კომპანიის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 8,5 მილიარდი დოლარით შეამცირა.