თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის და ქონებრივი უფლების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული, შპს ,,ზეკარის წყაროების“ წარმომადგენლებს ფინანსური პრობლემების მოგვარებას და დიდი ოდენობით თანხის გადაცემას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი წილის დათმობა მოითხოვა. ნდობის მოსაპოვებლად, ბრალდებულმა სხვა დაზარალებულისგან მოტყუებით დაუფლებული თანხიდან, ნაწილობრივ დაფარა კომპანიის საბანკო დავალიანება. შემდეგ კი თითქოსდა საწარმოსთვის დამატებითი კრედიტის მისაღებად, საწარმოს პარტნიორებს მისთვის 100%-იანი წილის გადაფორმება და სრული განკარგვის უფლების გადაცემა მოსთხოვა, ხოლო საწარმოო პროცესის გამართვის შემდეგ პარტნიორების ნაწილს 20-20%-იანი წილის დაბრუნებას დაპირდა. აღნიშნული ხერხით, ბრალდებულმა პარტნიორებისგან კომპანიის 100 %-იანი წილი თავის დედაზე გადააფორმა, თუმცა საწარმოს სასესხო ვალდებულებები არ დაფარა, პარტნიორებს არ გადასცა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა და მოტყუებით მიიღო ქონებრივი უფლება შპს ,,ზეკარის წყაროების“ 100 %-იან წილზე. ამასთანავე, თაღლითურად დაეუფლა ე.წ. ბიზნესპარტნიორის მიერ გადაცემულ დიდი ოდენობით თანხას, რომელსაც საწარმოს წილში შეყვანას პირდებოდა.

აღნიშნული ქმედების შედეგად, იურიდიული პირის მესაკუთრეებს 1 554 345 ლარის, ხოლო კიდევ ერთ დაზარალებულ პირს 162 925 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგათ.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის) წარედგინა.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს