საქართველოს ეროვნული ბანკი პროგნოზირებს, რომ 2025 წლის მეორე ნახევარში საქართველოში ინფლაციის დონე მიზნობრივ 3%-ს დროებით გადააჭარბებს, თუმცა წლის ჭრილში მაინც მიზნობრივი 3%-ის მიდამოში შენარჩუნდება. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში, რაც რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილებას უკავშირდება.
ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ 2025 წლის იანვრის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, რაც 11%-იან ზრდაზე მიუთითებდა ქვეყანაში მოსალოდნელზე მაღალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს, თუმცა სებ-ი ელოდება, რომ მთლიანობაში საქართველოს ეკონომიკაში გაურკვევლობა კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება.
"წლიური ინფლაცია კვლავ მიზნობრივ, 3 პროცენტიან, მაჩვენებელზე დაბალია. 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით, ფასების საერთო დონე წლიურად 2.4 პროცენტით გაიზარდა, საბაზო ინფლაცია კი 2.0 პროცენტს გაუტოლდა. ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაცია, რომლის ცვლილება შედარებით ხისტია და ყველაზე უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს, მიზნობრივ დონესთან ნარჩუნდება და თებერვალში 3 პროცენტს შეადგენს. წინა თვეებთან შედარებით ინფლაციის ზომიერი ზრდა და მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოება, ერთი მხრივ, საერთაშორისო ბაზრებზე რისკების რეალიზებამ განაპირობა. კერძოდ, საერთაშორისო ბაზრებზე საკვები ნედლეულის მზარდი ფასები ადგილობრივ ბაზარს გარკვეულწილად გადმოეცა და წინა თვესთან შედარებით ინფლაცია მცირედით გაზარდა. მეორე მხრივ, ინფლაციის ზომიერი ზრდა ელექტროენერგიის ტარიფების შემცირების საბაზო ეფექტის ამოწურვას უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, მიმდინარე ტენდენციები ეროვნული ბანკის ბოლო პროგნოზის ცენტრალური სცენარის დაშვებებთან მეტწილად თანხვედრაშია. საერთაშორისო ბაზრებიდან გაზრდილი წნეხის ფონზე, ინფლაცია ეტაპობრივად მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება და 2025 წლის პირველ ნახევარში მასთან ახლოს იქნება. მას შემდგომ, ნაწილობრივ საბაზო ეფექტის გავლენითაც, მიზნობრივ მაჩვენებელს დროებით გადააჭარბებს და საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტის გარშემო დასტაბილურდება. თუმცა, მოსალოდნელზე მაღალი ტემპით იზრდება ეკონომიკური აქტივობა. წინასწარი მონაცემებით, იანვრის ეკონომიკურმა ზრდამ 11.1 პროცენტი შეადგინა. ამ ეტაპზე, ძლიერი მოთხოვნის პარალელურად, სებ-ის შეფასებით, ეკონომიკის წარმოების ჯამური პოტენციალიც მაღალ დონეზე ნარჩუნდება, რაც ძლიერი მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლას გარკვეულწილად ანეიტრალებს. ერთობლივ მოთხოვნას საკრედიტო აქტივობაც ასტიმულირებს, რაც დიდწილად ბიზნეს სესხების გააქტიურებას უკავშირდება და ეკონომიკის პოტენციური ზრდის ხელშემწყობია,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის პრესრელიზში.