სუფსის რაიონში, ყულევის ტერმინალის გვერდით პირველი დიდი თანამედროვე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედება საქართველოში მიწოდების სტრუქტურასა და ნავთობპროდუქტების ფასების ფორმირებას სერიოზულად შეცვლის. - ამის შესახებ ალბანური კომპანია Energo Trade-ის ცენტრალური აზია-კავკასიის განყოფილების გენერალურმა პარტნიორმა, ფარვიზ მამედოვმა განაცხადა. ინფორმაციას Trend ავრცელებს. მამედოვის ცნობით, ქარხნის გაზაფხულზე შესაძლო ამუშავების შესახებ მფლობელების განცხადებების მიუხედავად, მისი ამოქმედება უფრო წლის ბოლომდე არის მოსალოდნელი.
საქართველო ყოველწლიურად, დაახლოებით, 650-670 ათას ტონა ბენზინს, 620-650 ათას ტონა დიზელის საწვავსა და 150 ათას ტონამდე ავიასაწვავს მოიხმარს, ხოლო ახალი ქარხნის გაშვება, მამედოვის შეფასებით, ამ მაჩვენებლებს უმეტესად შიდა გადამუშავების მიმართულებით მნიშვნელოვნად შეცვლის.
ყულევის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის პროექტს კომპანია, ,,ბლექ სი პეტროლიუმი” ავითარებს, ხოლო 20 თებერვლიდან პროექტს ახალი ინვესტორი, კომპანია ,,დუნამისი” დაემატა, რომელმაც ,,ბლექ სი პეტროლიუმის” 29.3%-იანი წილი შეიძინა.
მთლიანი პროექტის საინვესტიციო მოცულობა 700 მლნ დოლარს შეადგენს. პირველ ეტაპზე ქარხანა წელიწადში 1.2 მლნ ტონა ნედლ ნავთობს გადაამუშავებს, ხოლო მომავალში სიმძლავრე 4 მლნ ტონამდე გაიზრდება.
ქარხნის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე ძირითადი ინფრასტრუქტურა აშენდება და ქარხანა ექსპლუატაციაში შევა, რის შემდეგაც მას ეტაპობრივად რკინიგზის მეორე ესტაკადა, რეზერვუარები და სხვა საწარმო ობიექტები დაემატება.
ყულევში მსხვილი საწარმოს მშენებლობა ჯერ კიდევ 2012 წელს იგეგმებოდა, როცა საქართველოს მაშინდელ მთავრობასა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ს შორის საინვესტიციო შეთანხმება გაფორმდა. თუმცა პროექტი მაშინ ვერ განხორციელდა, რის გამოც მთავრობამ ინვესტორი ჩაანაცვლა.
წყარო: bpn.ge