იანვარ-აპრილში ყაზახური ნავთობის ექსპორტმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით 489 000 ტონა შეადგინა. ინფორმაციას Reuters სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანია „ყაზმუნაიგაზის“ (KMG) პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

KMG-ის ცნობით, მიმდინარე წლისთვის ყაზახეთიდან აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტით ნავთობის მიწოდების გეგმა 1.7 მლნ ტონას შეადგენს.

აქტაუს პორტიდან, ძირითადად, თენგიზის საბადოს ნავთობი ტანკერებით ბაქოს პორტს კასპიის ზღვის გავლით მიეწოდება, რის შემდეგაც ბთჯ-ის მილსადენით გადაიქაჩება.


თუმცა იანვრიდან აქტაუს პორტიდან ბთჯ-ის მილსადენით ხმელთაშუა ზღვამდე ქაშაგანის ნავთობის სატესტო გადაზიდვაც მიმდინარეობს, ექსპორტიორი კი კომპანია KMG Kashagan B.V.-ია.

მთლიანობაში, ბთჯ-ის მილსადენით ნავთობის ექსპორტი იანვარ-აპრილში 3.1%-ით, ანუ 9.3 მლნ ტონამდე შემცირდა, მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 9.6 მლნ ტონას შეადგენდა. კერძოდ, ბთჯ-ის მილსადენით გადატვირთული ტრანზიტული ნავთობის მოცულობა წლიურად 1.821 მილიონიდან 1.583 მლნ ტონამდე შემცირდა. ტრანსპორტირებული ნავთობის მთლიან მოცულობაში აზერბაიჯანის წილი 76.1%-ია, რამაც მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში 12.2 მლნ ტონა შეადგინა.

ოპერატორი კომპანია BP-ის მონაცემებით, ბთჯ-ის მილსადენის ექსპლუატაციაში გაშვებიდან ანუ 2006 წლის ივნისიდან 2024 წლის ბოლოსთვის პროექტში კაპიტალური ინვესტიციების ჯამურმა მოცულობამ, დაახლოებით, 6 მლრდ დოლარი შეადგინა. ამ პერიოდში ბთჯ-ის მილსადენით, დაახლოებით, 591 მლნ ტონა, ანუ 4.4 მლრდ ბარელზე მეტი ნავთობი იქნა გადატვირთული, ხოლო ჯეიჰანის ტერმინალიდან მსოფლიო ბაზრებზე 5.862 ტანკერი გაიგზავნა.

ცნობისთვის, ბთჯ-ის მილსადენი, ძირითადად, აზერის, ჩირაგისა და ღრმაწყლოვან გიუნეშლის (Azeri-Chirag-Gunashli - ACG) საბადოებიდან ნავთობის, ხოლო შაჰდენიზის საბადოდან კონდენსატის ტრანსპორტირებისთვის არის განკუთვნილი. ამასთან, ბთჯ-ის მილსადენით კასპიის რეგიონის ქვეყნებიდან, კერძოდ, ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან ნავთობისა და კონდენსატის, ასევე, SOCAR-ის მიერ აზერბაიჯანში წარმოებული ნავთობის ტრანსპორტირება ხდება.

ACG-ის საბადოების განვითარების ხელშეკრულება 1994 წელს გაფორმდა. მისი მოქმედების ვადა 2024 წელს უნდა ამოწურულიყო, თუმცა 2017 წლის სექტემბერში ახალი კონტრაქტი 2050 წლამდე ვადით გაფორმდა.

ბთჯ-ის მილსადენის მთლიანი სიგრძე 1.768 კილომეტრია, რომელიც ნავთობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე თურქეთის პორტ ჯეიჰანს ტანკერებით შემდგომი გადაზიდვისთვის აწვდის. მილსადენის სიმძლავრე დღეში 1.2 მლნ ბარელი ნავთობის ექსპორტის საშუალებას იძლევა. პროექტის თანახმად, მილსადენის სიმძლავრის გაზრდა დღეში 2.2 მლნ ბარელამდე არის შესაძლებელი.

2024 წლის 29 ნოემბერს ნორვეგიულმა კომპანია Equinor-მა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-თან და ინდურ ONGC Videsh Limited-თან გარიგება დახურა, რომელიც აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის (ACG-ის) საბადოების ბლოკის განვითარების პროექტში და ბთჯ-ის ნავთობსადენის ოპერატორ კომპანია BTC Co-ში თავისი წილის გაყიდვას ეხებოდა.

ამ გარიგების გათვალისწინებით, ბთჯ-ის ნავთობსადენის ოპერატორი კომპანია BTC Co-ს აქციონერები არიან: BP plc (30.1%), SOCAR (32.96%), MOL (8.9%), TPAO (6.53%), Eni და TotalEnergies (სათითაოდ 5%), Itochu (3.4%), ExxonMobil და Inpex (სათითაოდ 2,5%) და ONGC Videsh (3,11%).

წყარო: ბიზნესპრესნიუსი