სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის საფასურს თავად იხდის.

სემეკის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის თითქმის 74.5% ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონმა მოიხმარა.

"აფხაზეთი არის საქართველო, შესაბამისად აფხაზეთის მოხმარებისთვის ელექტროენერგიის ტრანსპორტირება ირიცხება, როგორც საქართველოს მიერ განხორციელებული იმპორტი. თუმცა ელექტროენერგიის ღირებულებას თავად აფხაზური მხარე ფარავს და შესაბამისად აქეთა მხრიდან აფხაზეთის მოხმარებისთვის რაიმე სახის გადასახადის გადახდა არ ხდება. ანუ თანხის გადახდა რუსეთისთვის არ ხდება", - ამბობს ნარმანია.

შარშან აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 2.6%-ით თითქმის 2.5 მლრდ კვტ.სთ-მდე შემცირდა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების კლება 2023 წლიდან დაიწყო და ბოლო წლებში ყველაზე დაბალი ნიშნული 2025 წელს დაფიქსირდა.

კითხვაზე - რატომ მცირდება ოკუპირებულ რეგიონში მოხმარება, ნარმანია ამბობს, რომ ამის მიზეზი კრიპტოვალუტაზე ფასის კლებაა.

"მოხმარება სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. ჩემი ინფორმაციით, ერთი მხრივ მიმდინარეობს გამრიცხველიანების პროცესი, მეორე მხრივ, ეს ასევე კრიპტოვალუტის ფასებთან არის დაკავშირებული. როცა კრიპტოვალუტის ღირებულება მცირდება, მოხმარებაც მცირდება ხოლმე აფხაზეთში. ანუ სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე პერიოდულად ხან იკლებს, ხან იზრდება", - ამბობს ნარმანია.

bm.ge