რუსული ფულადი ტრანსფერების სისტემა Unistream-ი აშშ-ის სანქციების ქვეშ 20 ივლისს მოექცა. საქართველოსა და სომხეთის  ბანკების შემდეგ Unistream-ის მომსახურება ყაზახეთის ფოსტამ და უზბეკეთის ბანკებმაც შეაჩერეს.

რუსული მედია წერს, რომ ყაზახეთის ეროვნულმა საფოსტო ოპერატორმა Казпочта-მ,  რუსულ Unistream-ის გადახდის სისტემაში ფულის მიღება და გაგზავნა დროებით შეწყვიტა.

Frank Media-ის ცნობით, ყაზახეთის Freedom Finance Bank-მა და Uzbek Halk Bank-მა და Ipoteka Bank-მა Unistream-თან მუშაობა შეწყვიტეს.

ვაშინგტონმა რუსული ბანკების მიმართ სანქციები კიდევ გააფართოვა - გარდა Unistream-ისა, სანქციების ქვეშ მოექცა Tinkoff-ი, Solidarity, Loko-Bank-ი და სანქტ-პეტერბურგის სოციალური კომერციული ბანკი (PSKB).

სანქციების სიაში მოხვედრის შემდეგ, Unistream-მა გამოაცხადა, რომ უკვე შეიმუშავა პრობლემის „ინფრასტრუქტურული გადაწყვეტა, რომელიც პარტნიორებთან უწყვეტი ურთიერთქმედების საშუალებას იძლევა“.

მანამდე Unistream-ის მეშვეობით შესაძლებელი იყო ფულადი გზავნილების განხორციელება საზღვარგარეთ 30-მდე ქვეყანაში, მათ შორის - დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, კვიპროსში, ისრაელში, სერბეთში, თურქეთში, მოლდოვაში, სომხეთში, ბელორუსიაში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში და ა.შ.

Unistream-თან ურთიერთობა უკვე შეწყვიტეს ქართულმა TBC Bank-მა და საქართველოს ბანკმა, ასევე სომხურმა Ардшинбанк-მა, Конверс Банк-მა, Армэкономбанк-მა და Эвокабанк-მა.