პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც დღეს დეპუტატები სებ-ის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რომ პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატებს უახლოეს მომავალში წარუდგენენ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, „ქართულ ოცნებას“ ეროვნული ბანკის საბჭოში ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის შეყვანა სურს, რასაც პრეზიდენტი ეწინააღმდეგება, რადგან ეროვნული ბანკის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისთვის სარისკოდ მიიჩნევს.
„უახლოეს პერიოდში პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს კანდიდატურებს. პრეზიდენტმა დეკემბრამდე პერიოდში იგულისხმა მოქმედი მოვალეობის შემსრულებლის ვადა. ასე რომ, პრეზიდენტი უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ ორ ახალ კანდიდატურას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე და თქვენი გადასაწყვეტია მათ დაუჭერთ თუ არა მხარს.
ჩვენ დავადასტურეთ, რომ ლაშა ხუციშვილი განიხილებოდა კანდიდატად, უბრალოდ პრეზიდენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. აქ არის ერთი რამ - როცა საუბრობთ პოლიტსაბჭოს განცხადებაზე, თუნდაც ეს მმართველი გუნდის პოლიტსაბჭო იყოს, მას არ აქვს არანაირი უფლება, რომ ჩაერიოს პრეზიდენტის კომპეტენციაში, და შევიდეს სებ-ის იმ კომპეტენციებში, რომელიც მას საერთოდ არ ევალება“, - აღნიშნა მსხილაძემ.